პრემიერ-მინისტრი მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და სტრუქტურას დაახლოებით სამ კვირაში წარადგენს
საქართველოს მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები დღეიდან დაიწყება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კი მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და სტრუქტურას დაახლოებით სამ კვირაში წარადგენს.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. პრემიერ-მინისტრს სამინისტროები არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ სტრუქტურული ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება. აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება ხელახლა მოუწევს.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გუშინ გამოუცხადა.
მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას მხარი 99-მა დეპუტატმა დაუჭირა, ექვსი კი წინააღმდეგ წავიდა.
გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, მამუკა ბახტაძემ პარლამენტს დროის დაზოგვის მიზნით მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება დაჩქარებული წესით შესთავაზა.