მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებებს პარლამენტში მესამე მოსმენით უყრიან კენჭს
მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებებს პარლამენტში მესამე მოსმენით უყრიან კენჭს

მთავრობის სტრუქტურაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.

მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ სამთავრობო უწყებად – განათლებისა და მეცნიერების და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებად ყალიბდება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ კულტურა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და ცვლილებები სწორედ სფეროს უფრო ეფექტიან მართვას ისახავს მიზნად.

პლენარულ სხდომაზე ასევე იმსჯელებენ პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე, რომელიც ითვალისწინებს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის შემადგენლობიდან კულტურის სფეროს გამოყოფასა და ახალი საპარლამენტო კომიტეტის – კულტურის კომიტეტის შექმნას.

„სფეროები, რომლებიც ახლა თავმოყრილია ერთ სამინისტროში, განათლება, მეცნიერება, კულტურა და სპორტი, ის მიმართულებებია, რომლებიც არის პრიორიტეტული. აქედან გამომდინარე, იცით, რომ საკანონმდებლო ინიციატივით შემოვიდა საქართველოს მთავრობა, ცალკე მიმართულებად განისაზღვროს კულტურის მიმართულება, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულება, რათა მეტი ოპტიმიზაციით მოხდეს ამ მიმართულებებისთვის ყურადღების გამახვილება. ბუნებრივია, ჩვენ დავეთანხმეთ ამას და უკვე სასესიო ფორმატში მესამე მოსმენით მივიღებთ ამ საკითხს. მას შემდგომ, რაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული კულტურის კომიტეტის შექმნასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, მოხდება განხილვა და კონსულტაციები დაიწყება როგორც თავმჯდომარის კანდიდატურასთან, ასევე მოადგილეების კანდიდატურებთან დაკავშირებით და საზოგადოება, მედია დაუყონებლივ გაიგებთ ამ საკითხებს. ასევე, რა თქმა უნდა, მესამე მოსმენის შემდგომ, როდესაც კანონი ძალაში შევა და საქართველოს მთავრობაში შეიქმნება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, პრემიერი, როგორც მინისტრის დამნიშვნელი პირი, ეს მას ევალება კონსტიტუციით, შესაბამისად შეარჩევს, დარწმუნებული ვარ, ისეთ პიროვნებას, რომელიც უზრუნველყოფს ამ სფეროს ძალიან კარგ მიმართულებას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.