პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის ფონდმა საქართველოში შესაძლოა, პროექტი ,,ქალაქის ახალი სიცოცხლე“ დააფინანსოს
პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის ფონდმა საქართველოში შესაძლოა, პროექტი ,,ქალაქის ახალი სიცოცხლე“ დააფინანსოს, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პროექტის ,,ქალაქის ახალი სიცოცხლე“ დაფინანსების შესაძლებლობაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელზეც ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროექტი განიხილეს.
შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მისი მოადგილე მზია გიორგობიანი, სამინისტროს წარმომადგენლები და პოლონეთის ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების სამინისტროს სახელმწიფო მდივანი (მინისტრის მოადგილე) პაველ ჰორონჟი და დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.
Twinning პროექტი 2018 წლის იანვარში დაიწყო. მისი მხარდამჭერი პოლონეთის ეკონომიკისა და ინვესტიციების სამინისტროა. პროექტის ძირითადი მიზნებია – საქართველოს მუნიციპალიტეტების და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა სივრცითი მოწყობის საკითხებზე, საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერება.