ირკვევა, რომ პოლონეთის ერთ-ერთ მღვიმეში 50 წლის წინ აღმოჩენილი პრეისტორიული ქვის იარაღები ერთ-ერთი უძველესია ამ რეგიონში ნაპოვნთა შორის.
მალოპოლსკას რეგიონში, ტუნელ-ვიელკის მღვიმეში აღმოჩენილი იარაღები 450 000 – 550 000 წლის წინანდელია. დათარიღების წყალობით, მეცნიერებმა შეიძლება გაცილებით მეტი შეიტყონ იმ ადამიანთა შესახებ, რომლებმაც ისინი დაამზადეს, ასევე პრეისტორიულ ხანაში მათი მიგრაციისა და ცხოვრების შესახებ.
მაგალითად, დროის ეს პერიოდი სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ ქვის იარაღები დამზადებულია ადამიანის გადაშენებული სახეობის, ჰომო ჰაიდელბერგენსისის (Homo heidelbergensis) მიერ, რომელიც ნეანდერტალელებისა და თანამედროვე ადამიანების (ჩვენი) ბოლო საერთო წინაპრად მიიჩნევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს რეგიონი ადამიანებით დასახლებული იყო იმ დროს, როდესაც ცენტრალური ევროპის მკაცრი კლიმატი მნიშვნელოვან ფიზიკურ და კულტურულ მორგებას საჭიროებდა.
„ჩვენთვის ეს ანალიზების უკიდურესად მნიშვნელოვანი ასპექტია. შეგვიძლია შევაფასოთ ჰაიდელბერგელი ადამიანის (ჰომო ჰაიდელბერგენსისი) გადარჩენის შესაძლებლობათა ზღვარი და შესაბამისად, დავაკვირდეთ, როგორ მოერგო ის ამ თანმხლებ გარემო პირობებს“, — ამბობს ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგი მალგორცატა კოტი.
ტუნელ-ვიელკის მღვიმეში გათხრები 1960-იან წლებში ჩატარდა; 2016 წელს არქეოლოგები მას კვლავ მიუბრუნდნენ. აღმოჩენილი მასალების შრეები დათარიღდა ჰოლოცენით, 11 700 წლის წინანდელი პერიოდით და შუა პალეოლითით, რომელიც 40 000 წლის წინანდელ პერიოდამდე გრძელდება.
თუმცა, ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგი კლაუდიო ბერტო ფიქრობდა, რომ დათარიღება ეწინააღმდეგებოდა იმას, რასაც ის ხედავდა. მისი დასკვნით, ძეგლზე აღმოჩენილ ცხოველთა ძვლები დანამდვილებით 40 000 წელზე ძველი იყო.
ამიტომ, 2018 წელს კოტი და მისი ჯგუფი მღვიმეს მიუბრუნდა. ხელახლა გახსნეს და გააფართოვეს ერთ-ერთი თხრილი, ფრთხილად შეისწავლეს წლების განმავლობაში აკუმულირებულ მასალათა სხვადასხვა შრე და ანალიზებისთვის კიდევ უფრო ბევრი ძვალი შეაგროვეს.
მათი დასკვნით, ზედა ფენები ნამდვილად არ შეიცავდა გვიანი პალეოლითისა და ჰოლოცენის პერიოდის ცხოველთა ძვლებს. თუმცა, ქვედა შრე აშკარად უფრო ძველი იყო. შეიცავდა რამდენიმე ისეთი სახეობის ძვლებს, რომლებიც ნახევარი მილიონი წლის არსებობდნენ: ევროპული იაგუარი (Panthera gombaszoegensis-ი), მოსბახის მგელი (Canis mosbachensis-ი) — თანამედროვე რუხი მგლების წინაპარი; და დენინგერის დათვი (Ursus deningeri).
ძვლების შემცველი ფენები ასევე შეიცავდა კაჟის მტვრევის მტკიცებულებებს, მათ შორის კაჟის ნამსხვრევებს, შაბლონებს, რომლებისგანაც შესაძლებელია სხვა ხელსაწყოების გამოკვეთა და ბირთვები, საიდანაც ისინია ამოღებული. ასევე იყო ზოგიერთი დასრულებული ხელსაწყო, მაგალითად, დანები.
„გამომდინარე იქიდან, რომ ეს არტეფაქტებიც იმავე ფენას ეკუთვნის, რომელსაც ძვლები, ნიშნავს იმას, რომ მათი ასაკი ერთნაირია. ეს მოსაზრება დაადასტურა მღვიმეში 2018 წელს ჩატარებულმა გათხრებმა. ამით დადასტურდა მეცნიერთა მიერ ნახევარი საუკუნის წინ აღწერილი ფენების განლაგება. ასევე აღმოვაჩინეთ უფრო მეტი საწარმოო ნარჩენი და ცხოველთა ძვლები“, — განმარტავს კოტი.
მისი განცხადებით, აქამდე პოლონეთში მხოლოდ ორ ადგილას იყო აღმოჩენილი დაახლოებით იმავე პერიოდის იარაღები: ტშებნიცასა და რუსკოში. თუმცა, ტუნელ-ვიელკის მღვიმის არტეფაქტები განსხვავებულია. ამ ზონის რამდენიმე არქეოლოგიურ ძეგლზე შეინიშნება უძველეს ადამიანთა დასახლების მტკიცებულებები, მაგრამ ისინი ღია ცის ქვეშ არსებული ძეგლებია.
კოტის თქმით, მღვიმეში ამ პერიოდის არტეფაქტების აღმოჩენა ძლიერ მოულოდნელია.
„გაკვირვებული დავრჩით, რომ ამ ზონაში, ნახევარი მილიონი წლის წინ ხალხი მღვიმეებში რჩებოდა, რადგან ისინი დაბანაკებისთვის საუკეთესო ადგილები არ იყო“, — ამბობს კოტი.
მისი განცხადებით, მათ ალბათ ხელს უშლიდა ტენიანობა და დაბალი ტემპერატურა. მეორე მხრივ, მღვიმე ბუნებრივი თავშესაფარია. ის დახურული სივრცეა, რომელიც დაცულობის შეგრძნებას გაძლევს. მათ აღმოაჩინეს კვალი, რომელიც მიუთითებს, რომ ხალხი, რომელიც ამ მღვიმეში რჩებოდა, იყენებდა ცეცხლს, რაც მათ სავარაუდოდ დახმარებას უწევდა ამ ბნელ და ტენიან ადგილებში.
ასევე ინტერესის საგანი იყო ამ მღვიმეში ნაპოვნი კაჟის გამოჭრის მეთოდი. უძველეს ადამიანთა მიერ გამოყენებული ეს მეთოდი უმარტივესია და ხელსაწყოების შექმნის პერიოდში, იშვიათად იყენებდნენ, ძირითადი მეთოდის სახით; როგორც წესი, ისინი ძირითადად ცუდი ხარისხის მასალებზე გამოიყენებოდა ან მაშინ, როდესაც კაჟი მწირად იყო ხელმისაწვდომი.
ძირითადი მეთოდის სახით, ამ მეთოდს მხოლოდ ერთ სხვა ადგილას, იტალიაში, ისერნია-ლა-პინეტაში იყენებდნენ. ტუნელ-ვიელკის მღვიმის კაჟი არც ცუდი ხარისხის იყო, არც მწირი და მოპოვებული იყო ადგილობრივად. ასე იყო ისერნია-ლა-პინეტას შემთხვევაშიც; იმავე მახასიათებლების მქონე მეორე ძეგლის აღმოჩენით, არქეოლოგებმა შეიძლება გაარკვიონ, მიზეზი, თუ რატომ იყენებდნენ უძველესი ადამიანები ამ კონკრეტულ მეთოდს.
მკვლევართა ჯგუფი მღვიმეში დაბრუნებას და ჰაიდელბერგელი ადამიანის ძვლების ძებნას გეგმავს.
კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია scienceinpoland.pl-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.