პოლიტიკური პარტიები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიმართ უნდობლობის პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვენ
პოლიტიკური პარტიები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიმართ უნდობლობის პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვენ

პოლიტიკური პარტიები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიმართ უნდობლობის პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვენ. ამ და სხვა მოთხოვნებს ითვალისწინებს პოლიტიკური გაერთიანებების სპეციალური განცხადება, რომელსაც 11 პარტია აწერს ხელს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა და მისი ერთგულება ერთ-ერთი ძირითადი საკითხია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, მოქალაქის მიერ დაფინანსებული და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული მაუწყებლის ჩამოყალიბება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის.

კანონმდებლობით შექმნილი დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის მაღალი გარანტიების მიუხედავად, გამოცდილებამ გამოავლინა, რომ მიუღწევადი გახდა საზოგადოებრივ მაუწყებელში პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი მმართველი ორგანოების ჩამოყალიბება. საქართველოს პარლამენტის მიერ “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შეტანილმა ბოლო ცვლილებებმა და ვეტოს დაძლევის პროცედურამ დაადასტურა, რომ ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს იმისთვის, რომ საბოლოოდ შეუძლებელი გახდეს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩამოყალიბება.

„ქართული ოცნება” ურყევად დაადგა პოლიტიკური ძალადობის გზას და ამ ცვლილებებით კიდევ ერთი მძლავრი დარტყმა მიაყენა სიტყვის თავისუფლებას და მედია პლურალიზმს. პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, საქართველოს პრეზიდენტის აქტიური წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელისუფლებამ მაინც დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ძალზე უარყოფით რყევებს გამოიწვევს მედია ბაზარზე, შეავიწროებს კერძო მაუწყებლებს და ამავდროულად, შექმნის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული მაუწყებლის გაუმჭვირვალედ საქმიანობის, კორუფციული გარიგეგების დადების კანონიერ შესაძლებლობას. კერძოდ, ა) საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსებაზე შეზღუდვის მოხსნა (გამონაკლისების გარეშე) აზარალებს ყველა კერძო ტელემაუწყებელს და შეამცირებს მათ სარეკლამო შემოსავალს, იმ ფონზე, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელს იმთავითვე აქვს დაფინანსების უპირატესობა (52 მიოლინი ლარი წელიწადში); ბ) საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ გავრცელდება “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონით დადგენილი ღია და გამჭვირვალე პროცედურები; გ) ყოველგვარი სტანდარტების გაწერის გარეშე, აძლევს უფლებას საზოგადოებრივ მაუწყებელს დააფინანსონს ეგრედ წოდებული სტარტ-აპები.

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესების მთლიანობაში დანახვა ნათელს ხდის “ქართული ოცნების” მიზანს – საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნას პოლიტიკური ზეგავლენის „კანონიერი” ბერკეტები და ის კიდევ უფრო დააშოროს საზოგადოებას. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ პარლამენტმა ახალი ცვლილებებით საჯარო დაფინანსებით მოქმედ მაუწყებელს მოუხსნა შესყიდვების საჯაროდ განხორციელების ვალდებულება იმ ფონზე, როდესაც ამავე პარლამენტს უკვე მიღებული ჰქონდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015-2016 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, რომელმაც გამოავლინა არაერთი მძიმე დარღვევა.

ანგარიშში, რომელიც პარლამენტისთვის მზადდება, რათა ხელი შეუწყოს პარლამენტს გონივრული და პროგრესული გადაწყვეტილებების მიღებაში, ასახულია მძიმე ფინანსური დარღვევები, საჯარო ფინანსების უკანონოდ ხარჯვის ფაქტები, რაც პარლამენტის მხრიდან „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად უნდა გამხდარიყო სამეურვეო საბჭოს მიმართ უნდობლობის პროცედურის დაწყების საფუძველი. სწორედ ეს გარემოება ხდის სიტუაციას კიდევ უფრო მძიმეს და ამ ხელისუფლების პირობებში ვითარების გამოსწორებას შეუძლებელს, რადგან პარლამენტმა, ნაცვლად იმისა, რომ დაინტერესებულიყო ფინანსური დარღვევებით, მიღებული საკანონდებლო ცვლილებებით, გზა გაუხსნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას თვითნებური და უკანონო მოქმედებისათვის.

ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები მივიჩნევთ, რომ მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ:

– საქართველოს პარლამენტი ხელახლა შეიტანს ცვლილებებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რომელიც იქნება დაფუძნებული ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონსენსუნსზე, უარს იტყვის მედია სფეროში სახელისუფლებო ინტერვენციაზე და გაუუქმებს საზოგადოებრივ მაუწყებელს კორუფციული გარიგებების დადების “კანონიერ” შესაძლებლობას;

– დაუყოვნებლივ დაიწყოს სამეურვეო საბჭოს მიმართ უნდობლობის პროცედურა და ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ დისკუსიას მაუწყებელში არსებულ დარღვევებზე, მათ შორის, დღევანდელი გენერალური დირექტორის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობის შესწავლას და განხილვას. ამ საკითხმა განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია გენერალური დირექტორის უკანონო მოლაპარაკებებთან და სამთავრობო გავლენებთან დაკავშირებით სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევის პროცესში;

– აქტიური მსჯელობის საგანს გახდის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს, რადგან საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს დამაჯერებელი, კვალიფიციური და სანდო პასუხები მთელი რიგი საავტორო გადაცემების დახურვის მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, ისევე როგორც ბრიუსელის ბიუროს დახურვის დასაბუთებაზე და სარედაქციო პოლიტიკაში ანტი-დასავლური ელემენტების მომძლავრებაზე. ასევე, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხლებლობის სტანდარტების დაცვაზე, რადგან ჩვენ პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტის შემსწრე გავხდით, რისი საფუძველიც მაუწყებლის მხრიდან განმარტებული იყო, როგორც სამართალდამცავი ორგანოების „კანონიერი” მოქმედების ჩვენების საჯარო ინტერესი (რატიანის საქმე).

შესაბამისად, მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას, განაახლოს აღნიშნულ საკითხზე დიალოგი მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, პრეზიდენტთან და დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს არსებული ვითარების გამოსწორებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განაცხადებას ხელს აწერს: „ახალი მემარჯვენეები“, „ახალი საქართველო“, „ევროპული დემოკრატები“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“, „თავისუფალი საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „რესპუბლიკური პარტია“.