„პოლიტიკო“ - თეთრ სახლში განიხილავენ ვარიანტს, რომ რუსულ-უკრაინული კონფლიქტი ორი კორეის ომის მსგავსად გაიყინოს
„პოლიტიკო“ - თეთრ სახლში განიხილავენ ვარიანტს, რომ რუსულ-უკრაინული კონფლიქტი ორი კორეის ომის მსგავსად გაიყინოს

თეთრ სახლში განიხილავენ ვარიანტს, რომ რუსულ-უკრაინული კონფლიქტი ორი კორეის ომის მსგავსად გაიყინოს, – ამის შესახებ „პოლიტიკოს“ მასალაშია ნათქვამი. როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემა წერს, აშშ-ში განიხილავენ ვარიანტებს, რომ რუსულ-უკრაინული ომი ცხელი სტადიიდან, შეიძლება, გადაიქცეს კიდევ ერთ გაყინულ კონფლიქტად.

გამოცემის ინფორმაციით, თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ მოვლენების ასეთ სცენარით განვითარების ალბათობა მაღალია.

„ასეთი კონფლიქტი მრავალი წელი გაგრძელდება, შეიძლება, ათწლეულებიც, კორეის ნახევარკუნძულზე დაპირისპირების მსგავსად“, – ნათქვამია მასალაში.

„პოლიტიკოს ცნობით“, ასეთი სცენარის განხილვა აშშ-ის სხვადასხვა უწყებასა და, მათ შორის, თეთრ სახლშიც მიმდინარეობს. იმ საკითხებს შორის, რომლებსაც ბაიდენის ადმინისტრაციაში განიხილავენ, ასევე არის ის, თუ სად გაივლის არაოფიციალური საზღვრები, რომელზეც უკრაინა და რუსეთიც შეთანხმდებიან.

გამოცემის ცნობით, თეთრ სახლში მიაჩნიათ, რომ ასეთი სცენარი გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, ყველაზე რეალისტური იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ არც კიევი და არც მოსკოვი არ არიან მზად, დამარცხება აღიარონ.

„პოლიტიკოს ცნობით“, კონფლიქტის გაყინვის შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებები შეჩერდება, მაგრამ არცერთი მხარე არ გამოცხადდება გამარჯვებულად და არც ეთანხმებიან ომის ოფიციალურად დასრულებას. სტატიაში ნათქვამია, რომ ეს შეიძლება, იყოს პოლიტიკურად მისაღები ვარიანტი აშშ-სა და უკრაინის მხარდამჭერი სხვა ქვეყნებისთვის.

„ეს ნიშნავს, რომ საომარი შეტაკებები და კიევის მხარდასაჭერად გამოყოფილი ხარჯები შემცირდება, ხოლო საზოგადოების ყურადღება ომის მიმართ შესუსტდება. ჩვენ ვგეგმავთ გრძელვადიან პერსპექტივას, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამოიყურება ის“, – ამბობს „პოლიტიკოსთან“ საუბარში ანონიმური ამერიკელი მაღალჩინოსანი. მისივე თქმით, ასეთი დაგეგმარება აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყურადღების ცენტრშია, მაშინ როდესაც გასულ თვეში „ყველაფერი დაკავშირებული იყო გადაუდებელ და მოკლევადიან ამოცანებთან“.

„პოლიტიკოსთან“ საუბარში ორი მოქმედი და ერთი ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსანი ადასტურებენ, რომ უკრაინისა და რუსეთის ომის გაყინვის გრძელვადიანი პერსპექტივა არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომლისთვისაც ვაშინგტონში ემზადებიან. ვაშინგტონში ასევე განიხილავენ კიევთან გრძელვადიან ურთიერთობებს უსაფრთხოების სფეროში და უკრაინის ნატო-სთან ურთიერთქმედების ვარიანტებს.

გამოცემა წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციაში ამ საკითხების განხილვა ჯერ ადრეულ ეტაპზეა. მათივე თქმით, ომი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება და აშშ აპირებს, მიაწოდოს უკრაინას იარაღი და სხვა დახმარებაც გაუწიოს, რათა რუსეთის ჯარი განიდევნოს რაც შეიძლება მეტი ტერიტორიიდან. თუმცა, ამავე დროს გამოცემა აღნიშნავს, რომ ომის „გაყინვის“ დაგეგმვამაც კი შეიძლება ძირი გამოუთხაროს უკრაინელი ლიდერების ნდობას, რომ აშშ-ის მხარდაჭერა არ შესუსტდება, განსაკუთრებით, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების ზოგიერთი წარმომადგენლის პოზიციების გათვალისწინებით, რომლებიც ამ დახმარების შემცირებას ითხოვენ.

ბაიდენის ადმინისტრაციის კიდევ ერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ განიხილება უამრავი გეგმა გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში, მაგრამ სიტუაცია არასტაბილურია და ერთადერთი სანდო პროგნოზი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი მთელ უკრაინას ვერ დაიპყრობს.

„მაშინ როდესაც ბევრი ამერიკელი ოფიციალური პირი თავს არიდებს საჯარო საუბარს რუსულ-უკრაინული კონფლიქტის განვითარებაზე, აშშ-ის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი მარკ მილი არაერთხელ აკეთებდა პროგნოზს, რომ ადრე თუ გვიან ომი სამშვიდობო მოლაპარაკებებით დასრულდება და არა – რომელიმე მხარის გამარჯვებით“, – ნათქვამია მასალაში.

პენტაგონის წარმომადგენელთა თქმით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ბოლო სამხედრო დახმარების პაკეტები ცხადყოფს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო გრძელვადიან სტრატეგიაზე გადადის.

აშშ-ის არსენალიდან კიევისთვის გაგზავნილი სამხედრო აღჭურვილობის მოცულობა, ბოლო რამდენიმე თვეა, მცირდება, მაშინ როდესაც პაკეტები, რომლებიც ახალი შეიარაღების შესყიდვას გულისხმობს, იზრდება. „პოლიტიკოს“ ცნობით, ეს პროცესი შეიძლება, თვეები და წლები გაგრძელდეს.

„ვარაუდი, რომ დასავლელი პარტნიორები მოხარულები იქნებოდნენ, თუ ომი გაყინულ კონფლიქტად გადაიქცეოდა, მკვეთრ უარყოფით რეაგირებას იწვევს კიევში. უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის ზელენსკიც, აცხადებენ, რომ კრემლთან არანაირი მოლაპარაკება არ შეიძლება, ვიდრე უკანასკნელი რუსი სამხედრო არ დატოვებს უკრაინის ტერიტორიას. თუმცა, გაურკვეველი რჩება, რამდენად მტკიცე არის აშშ-ის შემართება, რომელიც გახლავთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მთავარი დონორი, თუ სამხედრო დახმარება კვლავაც შემცირდება. ასევე, გაურკვეველია, კონკრეტულად რა საზღვრებზე შეიძლება სავარაუდო გამყოფი ხაზის გავლება, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა შარშან სექტემბერში კონსტიტუციაში შეიტანა უკრაინის ოთხი ოლქი, მათ შორის ისინი, რომელთა ოკუპირებაც სრულად მოახერხა, და კრემლი ნებაყოფლობით დათმობაზე არ წავა“, – ნათქვამია მასალაში.