პოლიომიელიტის, დიფტერიის, ყივანახველასა და ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ერთ აცრად გაკეთდება
აცრების ეროვნულ კალენდარში ცვლილებები შედის. როგორც საქართველოს პირველ არხს დარგის სპეციალისტებმა განუცხადეს, წელს ქვეყანაში პირველად შემოვა ვაქცინა, რომელიც ადამიანს პოლიომიელიტისგან 99 პროცენტით დაიცავს. პრეპარატს, რომლებიც ვაქცინაციისთვის ამ დრომდე გამოიყენება, დაცვის მხოლოდ 95 პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს. ახალი, ოთხკომპონენტიანი პრეპარატი პოლიომიელიტთან ერთად დიფტერიის, ყივანახველას და ტეტანუსის საწინააღმდეგო პრეპარატებსაც შეიცავს, რომლითაც ბავშვებს 18 თვის, განმეორებით კი ხუთი წლის ასაკში ცრიან. თუ დღემდე ეს სამი აცრა და პოლიომიელიტის ვაქცინაცია ცალ-ცალკე კეთდებოდა, მიმდინარე წლის ივლისიდან, ოთხივე კომპონენტი ორგანიზმში ერთი აცრით მოხვდება.
„ყველაზე სერიოზული, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის სრულიად ახალი ვაქცინის შემოღება საქართველოს ეროვნულ კალენდარში. ეს არის ე.წ. ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც მოიცავს რამდენიმე დაავადებას. ამათგან დიფტერია, ყივანახველა და ტეტანუსი კეთდებოდა საქართველოში. ეს ჩვენთვის ნაცნობი ვაქცინები გახლავთ, მაგრამ არის სრულიად ახალი პოლიომიელიტის ვაქცინა, რომელიც სხვა ფორმით, სხვა სახით და სრულიად სხვა ფორმატით არის. ეს არის პოლიომიელიტის ინაქტივირებული ვაქცინა, რომელიც ინტრამუსკულარულად გაკეთდება ამ სამ დაავადებასთან ერთად. ასე რომ, ეს ოთხკომპინენტიანი ვაქცინის განსხვავებული კომპონენტი გახლავთ პოლიომიელიტი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს იაშვილის კლინიკის დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.
ივანე ჩხაიძემ ისაუბრა იმის შესახებაც, თუ რატომ არის აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვანი.
„თუ ადრე პოლიომიელიტის ვაქცინისთვის ვიყენებდით წვეთებს და ბავშვებს ეს ვაქცინა მიეწოდებოდა ორალური სახით, ახლა ეს არის ვაქცინა, რომელიც დანარჩენ სამ ჩამოთვლილ ვაქცინასთან ერთად ინტრამუსკულარულად გაკეთდება. ის საქართველოში პირველად 2020 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება ვაქცინაცია 18 თვიდან და ხუთი წლის ასაკში. სწორედ ამ ახალი ტიპის პოლიომიელიტის ვაქცინის გამოყენებით.
რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ვაქცინა. ამ ვაქცინას აქვს გაცილებით მეტი დამცველობითი ძალა, ვიდრე ადრე გამოყენებულ ვაქცინას, რომელსაც წვეთებით ვაძლევდით. გარდა ამისა, გვერდითი მოვლენების კუთხით, ეს ვაქცინა არის სრულიად უსაფრთხო. პოლიომიელიტის ორალური ვაქცინის დროს თუ რამდენიმე მილიონ შემთხვევაში შესაძლებელი იყო გართულება, ახალი ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ამ ვაქცინის შემოღებით საქართველომ კიდევ უფრო დიდი ნაბიჯი გადადგა და დღევანდელი გადასახედიდან, ის კალენდარი, რომელიც ქვეყანაში იქნება 2020 წლის მეორე ნახევრიდან, მართლაც განსაკუთრებულია, როგორც რეგიონის მასშტაბით, ისე ევროპის ქვეყნებს შორისაც.
პოლიომიელიტის ვირუსს აქვს ერთი თვისება, იწვევს ე.წ. დუნე დამბლას, ანუ უნარშეზღუდულობას გადაადგილების თვალსაზრისით. ეს არიან ბავშვები, რომლებსაც შემდეგ, თუ გადაიტანეს პოლიომიელიტი, აღარ შეუძლიათ თავისუფალი მოძრაობა. ეს არის ვირუსული ინფექცია. არის გარკვეული რეგიონები, სადაც დღემდე შეიძლება ველური პოლიომიელიტის ვირუსი არსებობდეს. ამიტომ, ახალი ტიპის ვაქცინის შემოღებით საქართველოში ბავშვები იქნებიან სრულად დაცულნი ყველა ტიპის პოლიომიელიტის ვირუსისაგან. ასე რომ, მიგვაჩნია, რომ ეს მართლაც რევოლუციური ნაბიჯია. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული კალენდარისთვის“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს იაშვილის კლინიკის დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.