პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომის გადადების შუამდგომლობა რატიანის ადვოკატმა დააყენა.
ანა ნასრაშვილის განცხადებით, ზვიად რატიანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საქალაქო სასამართლოში სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა. როგორც ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მკურნალობას სახლში გადის, მას ტვინის შერყევა აქვს და მხარემ პროცესის გადადება ამის გამო მოითხოვა.
სასამართლო სხდომა 17 იანვარს, 17:00 საათზე ჩაინიშნა.
საქალაქო სასამართლოში დღეს ზვიად რატიანის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე უნდა ემსჯელათ.
როგორც ცნობილია, საპოლიციო კონტროლის ფარგლებში სამართალდამცველებმა პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს. რატიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შსს-ში კი აცხადებენ, რომ ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავებს, რითაც არ აძლევდა მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას.