საქალაქო სასამართლოსთან ზვიად რატიანის ლექსებს კითხულობენ
საქალაქო სასამართლოსთან ზვიად რატიანის ლექსებს კითხულობენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოეტ ზვიად რატიანის პროცესის პარალელურად, სასამართლოს შენობასთან აქცია იმართება. ზვიად რატიანის სოლიდარობის აქციაზე მწერლები და რატიანის მეგობრები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. აქციის მონაწილეები პოეტის ლექსებს კითხულობენ.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, აქციის მონაწილეები საზოგადოებრივ მაუწყებელთან კომენტარს ბოიკოტის ნიშნად არ აკეთებენ.

პოეტ ზვიად რატიანის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას დღეს, 14:00 საათზე გამოაცხადებს. ბრალდების მხარე რატიანს ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლის დარღვევას ედავება – 166-ე და 173-ე, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი წინააღმდეგობას გულისხმობს.

სასამართლოს წინა სხდომაზე საქმის განხილვა დასრულდა. განიხილეს ვიდეომტკიცებულებები, დაკითხეს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. ზვიად რატიანმა განმარტა, რომ დაკავებისას სამართალდამცველები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. პატრულის წარმომადგენლები კი ამბობდნენ, რომ რატიანი ნასვამი იყო და პოლიციის მისამართით უცენზურო სიტყვებს იყენებდა.