პლუტონის აღმოჩენიდან 90 წელი გავიდა — ახალგაზრდა მეცნიერის აღმოჩენა, რომელმაც სრულიად შეცვალა წარმოდგენა მზის სისტემაზე
ზუსტად 90 წლის წინ, 1930 წლის 18 თებერვალს, არიზონის შტატის ლოუელის ობსერვატორიაში მომუშავე ახალგაზრდა ამერიკელმა ასტრონომმა კლაიდ ტომბომ პლუტონი აღმოაჩინა. ამ აღმოჩენით მან თავისდაუნებურად გახსნა მზის სისტემის ვრცელი, „მესამე ზონის“ კარი, რომელსაც დღეს კოიპერის სარტყელს ვუწოდებთ. ამ ზონაში მოძრაობს უთვალავი პლანეტოშენადედი და ჯუჯა პლანეტა — მზის სისტემის პლანეტათა მესამე კლასი.
ლოუელის ობსერვატორიის სეხნია, ასტრონომი პერსივალ ლოუელი პირველი იყო, ვინც ივარაუდა, რომ ნეპტუნის ორბიტის გადაღმა არსებობდა „პლანეტა X“. ის 1916 წელს დაიღუპა და სამწუხაროდ, სიცოცხლეში ვერაფერი აღმოაჩინა. პლანეტა X-ის ძებნა თითქმის ათ წელიწადს კიდევ გაგრძელდა, მაგრამ უშედეგოდ. ძებნა კვლავ განახლდა 1929 წელს, როდესაც ობსერვატორიაში მუშაობა კლაიდ ტომბომ დაიწყო.
1930 წლის 18 თებერვალს, 24 წლის ტომბომ, Zeiss-ის ბრენდის ბლინკ-კომპარატორით ობიექტი იპოვა. ეს მოწყობილობა ფოტოგადაღების საშუალებით აფიქსირებდა ობიექტთა მოძრაობას უკან მდებარე ვარსკვლავთა ფონზე.
„ტომბომ მაშინ არ იცოდა, რომ პლანეტა X მზის სისტემის მესამე ზონის კვლევების ერას დაუდებდა დასაბამს. მეცნიერება ემყარება მეცნიერებას და ამ აღმოჩენამ გზა გაუხსნა იმ რეგიონის კვლევის ახალ ჰორიზონტებს, რომელიც ჯერ რუკაზეც არ იყო დატანილი“, — ამბობს ნასას სამეცნიერო დირექტორატის ასოცირებული ადმინისტრატორი თომას ზურბუკენი.
კლაიდ ტომბო 1997 წელს დაიღუპა. 2006 წელს, ნასამ ახალი კოსმოსური ხომალდი New Horizons-ი გაუშვა, რომლის ბორტზეც პატარა ყუთით მოათავსეს ტომბოს ფერფლი. ფერფლმა ხომალდთან ერთად ცხრა წელი იმოგზაურა, გაიარა 4,8 მილიარდი კილომეტრი და კვლევის მიზნით საბოლოოდ მიაღწია ტომბოს პლანეტას — პლუტონს.
2015 წლის 14 ივლისს, ხომალდმა პლუტონსა და მის ხუთ მთვარეს გადაუფრინა. ჯუჯა პლანეტის ზედაპირს ის 12 500 კილომეტრზე მიუახლოვდა და გადაიღო განსაცვიფრებელი სურათები; აღბეჭდა მისი ხუთი მთვარეც — ქარონი, ნიქსი, ჰიდრა, სტიქსი და ცერბერიც.
გადაფრენამ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა კაცობრიობის წარმოდგენაში პლუტონის სისტემისა და ჯუჯა პლანეტების შესახებ. გეოლოგიური რელიეფის მრავალფეროვნებით, კომპლექსური ატოსფეროთი, დამაინტრიგებელი მთვარეებით, პლუტონმა იმ დონის ფიზიკური მრავალფეროვნება და კომპლექსურობა აჩვენა, რასაც ცოტა თუ ელოდა.
მკვლევართა მოსაზრების საპირისპიროდ, რომ პლუტონი მხოლოდ ყინულოვანი სხეული უნდა ყოფილიყო, New Horizons-მა აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში ის გეოლოგიურად აქტიურია. მეთანის ყინულის უცნაური, ბასრი მთებით, აზოტის მყინვარებით, ყინულის ვულკანებით და სავარაუდოდ ზედაპირქვეშა თხევადი წყლის ოკეანით, პლუტონმა სრულიად გადააფიქრებინა ასტრონომებს ის, რასაც ისინი მანამდე ფიქრობდნენ პატარა პლანეტების კომპლექსურობისა და აქტიურობის შესახებ. პლუტონს ასევე აქვს აზოტის ცისფერი, კაშკაშა ატმოსფერო, ცაში ნახევარ მილიონ მეტრზე ამომართული ნისლის სვეტები და სავარაუდოდ, ნისლი და ღრუბლები ზედაპირთან ახლოს.
პლუტონის თავზე წარმატებით გადაფრენის შემდეგ, ნასამ New Horizons-ის მისია გააგრძელა და პლუტონიდან მილიარდობით კილომეტრის მოშორებით, კოიპერის სარტყლის სხვა პატარა ობიექტებზე გადაფრენაც დაავალა.
2019 წლის 1 იანვარს, ხომალდმა გადაუფრინა და ფოტო გადაუღო იქ არსებულ ერთ უძველეს და გამორჩეულ სხეულს, სახელად აროკოთს; შედეგად კი გაირკვა, როგორ წარმოიქმნება პლანეტოშენადედები, პლუტონის მსგავს პლანეტათა სამშენებლო ბლოკები.
„დღევანდელი გადმოსახედიდან, ტომბოს აღმოჩენა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უბრალდ მეცხრე პლანეტის პოვნა. ეს გახლდათ კარის გახსნა მზის სისტემის სრულიად ახალ რეგიონში, ამავე დროს მოასწავებდა ორი სრულიად განსხვავებული და ახალი ტიპის სხეულების აღმოჩენას — ჯუჯა პლანეტებისა და კოიპერის სარტყლის ობიექტების. მხოლოდ იმას ვისურვებდი, რომ კლაიდი ახლა ცოცხალი იყოს, რათა საკუთარი თვალით ენახა New Horizons-ის ყველა აღმოჩენა, დამტკბარიყო, როგორი მომაჯადოებელი და უმშვენიერესია პლუტონი“, — ამბობს New Horizons-ის მისიის მთავარი მკვლევარი ალან შტერნი.
მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.