პლანეტა ურანს ლაყე კვერცხის სუნი აქვს - დიდი ხნის საიდუმლო ამოხსნილია
ასტრონომებმა ბოლოსდაბოლოს განსაზღვრეს ურანის ღრუბლების შემადგენლობა. როგორც ირკვევა, პლანეტას საშინელი სუნი აქვს. პირველად ისტორიაში, მკვლევრებმა იქ გოგირდწყალბადი აღმოაჩინეს — გაზი, რომელიც სპეციფიკურ სუნს აძლევს ლაყე კვერცხსა და მეტეორიზმს.
მიუხედავად ათწლეულების განმავლობაში კვლევისა, ურანის ღრუბლების შემადგენლობის გარკვევა საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
ვიცით, რომ მის ატმოსფეროში არის მეთანი, რადგან სწორედ ის აძლევს პლანეტას ლურჯ შეფერილობას (მეთანი უსუნოა).
ხომალდ ვოიაჯერ 2-ის დაკვირვებების შედეგად ასევე ვიცით, რომ იქ არის წყალბადი და ჰელიუმიც.
მაგრამ ისეთ ნაერთთა კონცენტრაცია, როგორებიცაა წყალი, ამიაკი და გოგირდწყალბადი, შედარებით რთული გასარკვევი აღმოჩნდა, რადგან ურანი ჩვენგან საკმაოდ შორსაა და ჩვენი ტელესკოპებისთვის მკრთალია.
უკიდურესად რთული დასაფიქსირებელია ღრუბლებს ქვემოთ არსებული გაზები, რადგან ზედაპირზე მათი მხოლოდ ძალიან მცირე ოდენობა აღწევს.
მაგრამ საბედნიეროდ, მუდმივად ვითარდება აღჭურვილობა და ტექნოლოგიები. შედეგად, ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა მიაგნო ახალ გზას, როგორ გამოეყენებინათ ჯემინის მძლავრი ტელესკოპი ურანის სიღრმეებში ჩასახედად.
მკვლევართა ჯგუფმა ოქსფორდის უნივერსიტეტის პლანეტარული ფიზიკოსის, პატრიკ ირვინის ხელმძღვანელობით, ჯემინის 8-მეტრიანი ტელესკოპის სპექტროგრაფი NIFS-ი გამოიყენა და ჩაატარა ურანის ღრუბლების ამ დრომდე ყველაზე დეტალური სპექტროგრაფიული ანალიზები.
მათ შეაგროვეს ღრუბლების ხილულ ფენას ზემოთ არეკლილი მზის შუქის ნიმუშები, რის შედეგადაც საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ იქ დანამდვილებით არის გოგირდწყალბადი.
„მიუხედავად იმისა, რომ ხაზები, რომელთა დაფიქსირებასაც ვცდილობდით, თითქმის შეუმჩნეველია, ჯემინის სპექტროგრაფ NIFS-ის საშუალებით მათი ცალსახად დაფიქსირება მაინც შევძელით“, — ამბობს ირვინი.
ამ შედეგების წყალობით, წერტილი ესმება დიდი ხნის დებატებს ასტრონომიაში — დომინირებს თუ არა გოგირდწყალბადი და ამიაკი ურანის ღრუბლების ზედა ნაწილში.
ეს ყველაფერი ურანს ასევე განასხვავებს მზის სისტემის უფრო შიდა გაზის გიგანტების — სატურნისა და იუპიტერისგან, რომლებსაც ატმოსფეროში დიდი ოდენობით აქვთ ამიაკი, მაგრამ მათ ღრუბლებს ზემოთ არ არის გოგირდწყალბადი. ამ აღმოჩენამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწიოს ნეპტუნის შემთხვევაშიც, რომელიც შემადგენლობით ურანის მსგავსია, მაგრამ მდებარეობს გაცილებით შორს.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ამ ცნობებმა შეიძლება, რაღაც მნიშვნელოვანი გვითხრას თავად მზის სისტემის ჩამოყალიბების შესახებ.
„ჩვენი მზის სისტემის წარმოქმნის პროცესში, აზოტსა და გოგირდს შორის ბალანსს განსაზღვრავდა ტემპერატურა და პლანეტის ფორმაციის ადგილმდებარეობა“, — განმარტავს პლანეტარული მეცნიერი ლეი ფლეტჩერი.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაზის გიგანტები — სატურნი და იუპიტერი ჩამოყალიბდნენ ყინულის პლანეტების — ურანისა და ნეპტუნისგან განცალკევებით, ყველა მათგანი კი თავის მხრივ წარმოიქმნა შიდა კლდოვანი პლანეტების — მერკურის, ვენერას, დედამიწისა და მარსისგან განცალკევებით.
უფრო მეტ დეტალს გაარკვევს ამჟამად მშენებარე შემდეგი თაობის უმძლავრესი ტელესკოპები — მაგელანის გიგანტური ტელესკოპი და ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი.
თუმცა, ნამდვილად დეტალური ანალიზების ჩასატარებლად, მაინც საჭიროა კოსმოსური ზონდის გაგზავნა უშუალოდ ურანთან. აღნიშნულ ზონდთან დაკავშირებით, NASA უკვე აწარმოებს კვლევას, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ მისი გაშვება უახლოეს წლებში მოხერხდეს.
რა მოხდება, თუ ურანთან ადამიანები გაემგზავრებიან? ამ ეტაპზე ეს თითქმის შეუძლებელია, რადგან ჩვენ ჯერ იმაზე ვიმტვრევთ თავს, როგორ მივაღწიოთ მარსამდე, რომელიც ურანზე ხუთჯერ უფრო ახლოსაა. მაგრამ თუ ამას მაინც შევძლებთ, ამიაკისა და გოგირდწყალბადის სუნი ალბათ ყველაზე ნაკლები პრობლემა იქნება, რადგან იქ დაგვხვდება -200 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურა და მხუთავი აირებისგან შემდგარი ატმოსფერო.
მომზადებულია gemini.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით