პირველი ივლისიდან „თელასი“ და „ენერგო-პრო ჯორჯია“ მხოლოდ ქსელის მესაკუთრეებად დარჩებიან, ელექტროენერგიის მიმწოდებლები კი მათსავე ბაზაზე შექმნილი ახალი კომპანიები იქნებიან
„თელასსა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ პირველი ივლისიდან უფლება აღარ ექნებათ, იყვნენ ელექტროენერგიის როგორც გამანაწილებლები, ისე მიმწოდებლები. ამის მიზეზი საკანონმდებლო ცვლილებებია, რომლის თანახმად, ქართული ენერგეტიკული ბაზარი ახალ ევროპულ მოდელზე გადადის, ეს კი ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე ენერგოკომპანიას ელექტროენერგიის მიწოდებისა და განაწილების უფლება აღარ ექნება.
როგორც სემეკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს პირველ არხთან აღნიშნა, „თელასმა“ თავიდანვე გამოთქვა მზაობა, შეესრულებინა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები და მისსავე ბაზაზე შექმნა ახალი კომპანია, რომელიც მიმწოდებლის ფუნქციას შეითავსებს და დედაქალაქის მოსახლეობას ელექტროენერგიით მოამარაგებს, თავად „თელასი“კი ქსელის მესაკუთრედ დარჩება.
მიმწოდებელი კომპანიის შექმნის დასრულების ეტაპზეა „ენერგო-პრო ჯორჯიაც“ და როგორც ნარმანიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ივნისის ბოლომდე ყველა პროცედურა დასრულებული იქნება.
„ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, „თელასი“ და „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვერ იქნებიან ქსელის მფლობელებიც და ენერგიის მიმწოდებლებიც. მათ უკვე დაიწყეს ჩვენ მიერ მიღებული კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე გაყოფის პროცესი და რეალურად, ორივე კომპანია გაყოფილია უკვე. „თელასიც“ და „ენერგო-პრო ჯორჯიაც“ დარჩებიან როგორც ქსელის მესაკუთრეები, მეპატრონეები და მოუვლიან ქსელს, ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფების საფუძველზე, ხოლო რაც შეეხება მიწოდების ნაწილს, „თელასმა“ უკვე ჩამოაყალიბა მიმწოდებელი კომპანია და აქვს ინტერესი, რომ შემოვიდეს მიწოდების ნაწილში. ასევე, „ენერგო-პრომ“ დაასრულა გაყოფის პროცესი და მათაც აქვთ ინტერესი, არიან ახალი კომპანიის ჩამოყალიბების სტადიაზე და შემდეგ უკვე მიმართავენ მთავრობას შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე. პირველ ივლისამდეა გაწერილი კალენდარი და ამ დროში მათი როგორც გაყოფის, ასევე ახალი კომპანიების ჩამოყალიბების პროცესი უნდა დასრულდეს“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს სემეკ-ის თავმჯდომარემ.