პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორს მთავარ სამმართველოში კითხავენ
პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორს გამომძიებლები კითხავენ.
ხათუნა ბარაბაძე შსს-ს თბილისის მთავარ სამმართველოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
ამასთან, მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი მანანა თურქაძეც.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა. ორივე არასრულწლოვანი 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მკვლელობაში ბრალდებულები კი პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობდნენ.
თბილისის პროკურატურამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი – გ.ბ. და გ.ჯ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.
სამართალდამცველებმა გ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მეორე არასრულწლოვანი კი მიმალვაში იმყოფებოდა და სამართალდამცველებს დღეს ჩაბარდა.
ამასთან, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ დღეს კიდევ სამი პირი დააკავა.