სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვნებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა, პატიმრობის შესახებ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმე არასრულწლოვნებს ეხება.

წინასასამართლო სხდომა 9 იანვარს ჩაინიშნა.

შემთხვევა თბილისში, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს მოხდა. არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი არასრულწლოვანი დაკავებულია, ხოლო მეორეს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ დღეს კიდევ სამი პირი დააკავა.