აუდიოჩანაწერი NASA-ს მავალის, „პერსევერანსის“ ინსტრუმენტმა SuperCam-მა 19 თებერვალს გააკეთა, მარსზე დაჯდომიდან 18 საათის შემდეგ.
ამ დროს მავალის რობოტული მკლავი, რომელზეც მიკროფონია დამონტაჟებული, ჯერ კიდევ გაუშლელი იყო, „პერსევერანსის“ კორპუსში ჩაკეცილი და შესაბამისად, ხმა ცოტა ჩახშობილია, დაახლოებით ისეთი, ყურზე რომ ზღვის ნიჟარას მიიდებთ. ისმის სუსტი ქარის ხმა.
„პერსევერანსი“ წითელ პლანეტაზე 18 თებერვალს, ეზეროს კრატერში დაჯდა. დაახლოებით 3,5 მილიარდი წლის წინ, ამ კრატერში მდინარე ჩაედინებოდა და ტბას წარმოქმნიდა. მავალი მდინარის დამშრალ დელტაში დაეშვა, სადაც ის უძველესი, შესაძლო მიკრობული სიცოცხლის ნიშნებს მოძებნის.