მარსმავალ „პერსევერანსის“ ერთ-ერთ ბორბალში ქვა ჩაიჭედა — #1tvმეცნიერება
მარსმავალ „პერსევერანსის“ ერთ-ერთ ბორბალში ქვა ჩაიჭედა — #1tvმეცნიერება

წელიწადზე მეტია, NASA-ს მავალი „პერსევერანსი“ მარსზე ეულად დაეხეტება, მაგრამ მას ახლა უკვე ჰყავს კომპანიონი თანამგზავრი: ქვა, რომელიც მის ერთ-ერთ ბორბალში ჩაიჭედა.

საბედნიეროდ, ქვა მავალის სამეცნიერო მისიაზე გავლენას ვერ მოახდენს და წარმოადგენს მხოლოდ უმნიშვნელო დისკომფორტს — დაახლოებით ისეთს, ფეხსაცმელში რომ კენჭი ჩაგეჭედოთ.

პერსევერანსის წინა ბორბალში ქვა 4 თებერვალს, შემთხვევით ჩაიჭედა, მავალის მარსზე ყოფნის 341-ე დღეს. ქვა ბორბალში მაშინ მოხვდა, როდესაც მავალი მაასის ფორმაციას იკვლევდა — ეზეროს კრატერის იმ მონაკვეთს, რომელიც მკვლევართა აზრით, უძველესი ლავის ნაკადებისგან შედგება.

მას შემდეგ მავალმა 8,5 კილომეტრი გაიარა კოდიაკის დელტისკენ, რომელიც ერთ დროს ტბასთან მდინარის შესართავს წარმოადგენდა.

სულ მალე, მავალი ეზეროს კრატერის ერთ-ერთ კალთაზე დაიწყებს ასვლა, რა დროსაც, შეიძლება ბორბალს ქვა მოშორდეს.

როდესაც ბორბალს ქვა გამოსძვრება, ახალ გარემოში ის სხვა ქვებისგან განსხვავებული იქნება, თავის ვულკანური წარმოშობის გამო.

„შეიძლება მომავალში ამ ქვის მპოვნელი მარსის გეოლოგები დავაბნიოთ“, — ხუმრობს მისიის ერთ-ერთი მეცნიერი.

მისიის განმავლობაში, პერსევერანსის მარჯვენა ბორბალში სხვა რამდენიმე პატარა კენჭიც ჩაიჭედა, მაგრამ მავალს ისინი რამდენიმე დღეში ან კვირაში მოსძვრა.

ასეთი შემთხვევები NASA-ს სხვა მარსმავლებსაც ჰქონიათ. 2004 წელს, ნავალ „სპირიტს“ მკვეთრი შემობრუნების მანევრის შესრულება მოუხდა, რათა უკანა მარჯვენა თვლიდან კარტოფილის ზომის ქვა მოეშორებინა. მეცნიერები შიშობდნენ, რომ ამ ქვას შეიძლება მავალი სერიოზულად დაეზიანებინა.

არასასურველმა ქვებმა შარშან პერსევერანსს გაცილებით სერიოზული პრობლემები შეუქმნა. 2021 წლის 29 დეკემბერს, მავალის აპარატურაში პატარა კენჭები ჩაცვივდა, რამაც მავალის თითქმის ერთკვირიანი გათიშვა გამოიწვია. საბედნიეროდ, მისიის მეცნიერებმა ადვილად მიაგნეს არასასურველი „სტუმრების“ მოშორების გზას.

მომზადებულია mars.nasa.gov-ის მიხედვით.