პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა გადაიღეს, როგორ ასუფთავებს ტვინი საკუთარ თავს მკვდარი ნეირონებისგან — #1TVმეცნიერება
14:46, 03.07.2020
ცნობილია, რომ ჩვენს თავის ტვინს აქვს ნარჩენების მოსუფთავების ვრცელი სისტემა, რომელიც ბიოლოგიურ გზებს მკვდარი და ტოქსიკური ნეირონებისგან წმენდს. ახლახან, პირველად ისტორიაში, ლაბორატორიაში თაგვებზე ცდისას მეცნიერებმა ამ პროცესს ვიდეო გადაუღეს.
ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით იმის შესახებ, როგორ წმენდს ტვინი საკუთარ თავს მკვდარი ნეირონებისგან, როგორ რეაგირებს მათთან; შესაბამისად, ახალი კვლევა შეიძლება, წინგადადგმული დიდი ნაბიჯი იყოს ამ მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისიც არ არის დადასტურებული, ასეთივე გზით მოქმედებს თუ არა ადამიანის თავის ტვინიც.
„პირველი შემთხვევაა, როდესაც ცოცხალი ძუძუმწოვრის ტვინში ეს პროცესი ვიხილეთ“, — ამბობს იელის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ნევროლოგი ხაიმე გრუცენდლერი.
გარდა ამისა, აღმოჩენამ შეიძლება გაგვიადვილოს ასაკთან დაკავშირებული ნევროლოგიური აშლილობების სამკურნალო საშუალებათა შექმნაც; ამისათვის კი მეცნიერებმა უფრო მეტი უნდა იცოდნენ როგორ მოქმედებს ტვინის გასუფთავების სისტემა.
ჯგუფი ფოკუსირებული იყო გლიურ უჯრედებზე, რომლებიც ტვინში დასუფთავების სამუშაოს ატარებენ; აპოპტოზისათვის (უჯრედის სიკვდილი) მათ მიზანში ამოიღეს ტვინის ერთი უჯრედი, რისთვისაც ტექნოლოგია 2Phatal-ი გამოიყენეს და მანათობელი მარკერებით მიჰყვნენ გლიური უჯრედების გზას.
„ტვინზე ჩაქუჩის დარტყმისა და ათასობით უჯრედის დახოცვის ნაცვლად, მოვახდინეთ ერთი უჯრედის სიკვდილის სტიმულირება, რისი საშუალებითაც შევისწავლეთ, რა ხდება, როცა უჯრედი სიკვდილს იწყებს და ვუყურეთ, როგორ არის ამ პროცესში ჩართული სხვა მრავალი უჯრედი“, — ამბობს გრუტცენდლერი.
მისივე თქმით, ამის გაკეთება აქამდე შესაძლებელი არ იყო, მაგრამ ამჯერად, ეს პროცესი დიდი სიზუსტით იხილეს.
აღმოჩნდა, რომ მკვდარი უჯრედის მოშორების პროცესში ძლიერ კოორდინირებულად იყო ჩართული გლიური უჯრედების სამი ტიპი — მიკროგლია, ასტროციტი და NG2 უჯრედები; მათ მოაშორეს მკვდარი ნეირონი და გაწყვიტეს მათი რაიმე კავშირი ტვინის დანარჩენ ნაწილთან. მკვლევრები დააკვირდნენ, რომ ერთმა მიკროგლიამ ნეირონის სხეული და მისი მთავარი განშტოებები (დენდრიტები) შთანთქა, ასტროციტებმა კი მოსპეს პატარა, შემაერთებელი დენდრიტები. მკვლევართა აზრით, NG2 უჯრედებმა კი არ დაუშვა მკვდარი უჯრედის ნარჩენების გავრცელება.
მკვლევრებმა ასევე აჩვენეს, რომ თუკი გლიური უჯრედების ერთ ტიპს რაიმე მიზეზით გაეპარება მკვდარი ნეირონი, მოსუფთავების პროცესში ერთვებიან სხვა ტიპები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გლიურ უჯრედებს შორის მიმდინარეობს რაღაც სახის კომუნიკაცია.
კვკევუს კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა ის იყო, რომ მკვდარი ნერვული უჯრედების მოსუფთავებაში ნაკლებად ეფექტიანი იყო ასაკოვანი თაგვების ტვინი, მიუხედავად იმისა, რომ მომსუფთავებელმა უჯრედებმა იცოდნენ იქ არსებული მკვდარი უჯრედების შესახებ.
ეს კი ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა სამომავლო კვლევისთვის, რამაც შეიძლება, მეცნიერებს ახალი ცნობები მიაწოდოს იმის შესახებ, როგორ იწყებს ასაკოვანი ტვინი წარუმატებლობას სხვადასხვა მხრივ, როდესაც მოსუფთავების სერვისი ნელდება ან საერთოდ წყდება.
ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება შეიქმნას ახალი პრეპარატებიც, რომლებიც ტვინში მიმდინარე მოსუფთავების პროცესს საკუთარ თავზე აიღებს, არა მხოლოდ ხანდაზმულ პაციენტებში, არამედ, მაგალითად იმ ადამიანებშიც, რომლებსაც თავის ტრავმა აქვთ.
„ტვინის დაავადებების დროს უჯრედების სიკვდილი საკმაოდ გავრცელებულია. ამ პროცესის უკეთ ცოდნა ახალ ცნობებს მოგვაწვდის იმის შესახებ, როგორ აღმოვფხვრათ უჯრედის სიკვდილი სხვადასხვა ტრავმით დაზიანებულ თავის ტვინში“, — ამბობს იელის მედიცინის სკოლის ნევროლოგი აიემისი დემისა.