ადამიანის თავის ტვინში შესაძლოა, ბაქტერიები ბინადრობენ - ახალი კვლევა
ადამიანის თავის ტვინში შესაძლოა, ბაქტერიები ბინადრობენ - ახალი კვლევა

მიჩნეულია, რომ ადამიანების ნაწლავების ბინადარი მიკრობები ბევრ რამეზე არიან პასუხისმგებელი — გავლენას ახდენენ ჩვენს ჯანმრთელობაზე, გენებზე და ემოციებზეც კი.

ადამიანის მიკრობიომის გავლენასთან დაკავშირებით მეცნიერები გამუდმებით ახალ-ახალ აღმოჩენებს აკეთებენ, თუმცა, უკანასკნელი აღმოჩენა განსაკუთრებით ამაღელვებელია. საქმე ის არის, რომ ეს აყვავებული ბაქტერიული სამეფო შესაძლოა, მარტო არ იყოს და დაკავშირებული იყოს განცალკევებულ, „ადამიანის თავის ტვინის ბიომთან“, რომელიც ჩვენს თავში მდებარეობს.

აღმოჩენა, რომელიც ჯერ მხოლოდ წინასწარ ეტაპზეა, ნეირომეცნიერების ყოველწლიურ შეხვედრაზე, ბირმინგემში წარმოადგინეს ალაბამის უნივერსიტეტის მკვლევრებმა.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამ ტიპის სამეცნიერო პრეზენტაციები ხშირად წარმოადგენს ახალ ან იმჟამად მიმდინარე კვლევის დეტალებს, რაც ჯერ არ არის გადახედილი სხვა მეცნიერთა მიერ. სწორედ ასეა ამ შემთხვევაშიც.

აღმოჩენა იმ მხრივაც არის მნიშვნელოვანი, რომ მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ, რა გავლენას შეიძლება ახდენდეს ნაწლავის მიკროფლორა თავის ტვინის ქცევასა და ფუნქციონირებაზე. თუკი დადასტურდა, რომ საკუთარი მიკროფლორა თავის ტვინსაც აქვს, შედეგები უზარმაზარი იქნება.

ახალი კვლევის ფარგლებში, ნეიროანატომმა როსალინდა რობერტსმა და მისმა ჯგუფმა შეისწავლა 34 გარდაცვლილი ადამიანის თავის ტვინის ნიმუშები. მათ ნახევარს სიცოცხლეში შიზოფრენია ჰქონდა, ნახევარი კი სრულიად ჯანმრთელი იყო.

იდენტიფიცირებისა და ხარისხის განსაზღვრისთვის, მათ სერიული სექციური ანალიზების ჩაატარეს.

რობერტსის თქმით, ყოველი შემთხვევა შეიცავდა სხვადასხვა ოდენობის ბაქტერიას. ეს ბაქტერია ჩხირის ფორმის იყო, ჰქონდა გარსი, ნუკლეოიდი, რიბოსომები და ვაკუოლები.

მკვლევართა თქმით, ბაქტერიების ოდენობა იცვლებოდა ტვინის რეგიონებში ადგილმდებარეობის მიხედვით. მიკრობები უხვად იყო ტვინის შავ სუბსტანციაში, ჰიპოკამპუსსა და შუბლისწინა ქერქში.

ისინი ასევე იპოვეს ასტროციტების სახელით ცნობილ უჯრედებში, რომლებიც როგორც ბოლო დროს გაირკვა, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნეირონთა კომუნიკაციაში.

მკვლევრებმა არ იციან, როგორ მოხვდნენ ბაქტერიები იქ, მაგრამ რობერტსი ვარაუდობს, რომ ისინი სისხლძარღვებით უნდა გადაადგილებულიყვნენ და ახალი სახლი ეპოვნათ აქსონსა და თავის ტვინის სისხლის ბარიერთან.

მკვლევრები აცნობიერებენ იმასაც, რომ შესაძლოა, მიკრობები ტვინის ქსოვილებში გვამების კვეთისას, ქირურგიული ჩარევისას მოხვედრილიყვნენ, მაგრამ ქსოვილებში მათი გავრცელების გზები სხვა რამეზე მიუთითებს.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეს ბაქტერიული ფენომენი მხოლოდ ადამიანის თავის ტვინით არ შემოიფარგლება. მიკროფლორის მტკიცებულებას მიაგნეს ჯანმრთელი თაგვების თავის ტვინშიც, მაგრამ არა ლაბორატორიაში, მიკრობებისგან თავისუფალ გარემოში გაზრდილ თაგვებში.

თუკი შემდგომი კვლევები დაადასტურებს ტვინის მიკროფლორის არსებობას და გაარკვევს მათ მოქმედებას ტვინის უჯრედებზე, შესაძლოა, ეს გახდეს პარადიგმის ცვლა ნაწლავების მიკროფლორის აღმოჩენასთან ერთად.

მკვლევართა თქმით, ეს იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ნეირომეცნიერებაში.

როგორც მერილენდის უნივერსიტეტის ფსიქიატრი თეოდორ პოსტოლაჩი აღნიშნავს, მას სულაც არ გაუკვირდება, თუ გაირკვევა, რომ ტვინში სხვა სხეულებიც ბინადრობენ.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.