პირველად 50 წლის შემდეგ, აშშ-მა მთვარეზე ხომალდი გაუშვა — #1tvმეცნიერება
13:28, 09.01.2024
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მთვარეზე დაბრუნება დაიწყო.
კომერციულმა კომპანია Astrobotic-მა წარმატებით გაუშვა United Launch Alliance-ის რაკეტა Vulcan-ი, რომელსაც თან მიაქვს მთვარეზე დასაშვები სტატიკური ხომალდი Peregrine.
ხომალდის ბორტზეა NASA-ს ხუთი სამეცნიერო ინსტრუმენტი, რომლებმაც ადგილზე უნდა შეაგროვოს მთვარის მონაცემები — ეს გახლავთ NASA-ს პირველი ინსტრუმენტები, რომლებიც მთვარეზე 1972 წლის შემდეგ, ანუ თითქმის 50 წლის შემდეგ პირველად ჩავა.
გაშვება პირველია NASA-ს Commercial Lunar Payload Services-ისთვის (CLPS), რომელიც წარმოადგენს NASA-ს კოლაბორაციას კომერციულ კომპანიებთან მთვარეზე NASA-ს სამეცნიერო ინსტრუმენტების ჩატანისა და კოსმოსურ ტექნოლოგიათა ტესტირების მიზნით.
„ზედმეტად აღფრთოვანებული ვართ იმის ხილვით, რომ ეს ხედვა რეალობად იქცა. CLPS-ი ამერიკული კომპანიების გამოყენების ინოვაციური გზაა, რათა მთვარეზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო ტექნოლოგიები გაიგზავნოს“, — ამბობს NASA-ს სამეცნიერო მისიათა დირექტორატის ასოცირებული ადმინისტრატორი ნიკოლა ფოქსი.
მისივე განცხადებით, მთვარე მდიდარი ადგილია სამეცნიერო აღმოჩენებისთვის. მთვარის ნიმუშებისა და გარემოს შესწავლა NASA-ს მზის სისტემის ყველაზე დიდ საიდუმლოთა ამოხსნაში დაეხმარება, რაც ყველას გამოადგება.
ხომალდი Peregrine მთვარის რეგიონ სინუს ვისკოსიტატისზე, იგივე წებოვნების უბეში დაეშვება. ბორტზე არსებული ხუთი სამეცნიერო ინსტრუმენტი მთვარის გარემოს სხვადასხვა მახასიათებელს შეისწავლის.
ინსტრუმენტი LETS-ი (Linear Energy Transfer Spectrometer) რადიაციას გაზომავს; NIRVSS-ი (Near-Infrared Volatile Spectrometer System) მთვარის გრუნტის შემადგენლობას, ტემპერატურასა და სტრუქტურას შეისწავლის; NSS-ი (Neutron Spectrometer System) წყალს მოძებნის; PITMS-ი (Peregrine Ion-Trap Mass Spectrometer) შეისწავლის იონებს მთვარის ატმოსფეროში; და LRA (Laser Retroreflector Array) ადგილმდებარეობის ახალი, მუდმივი მარკერი იქნება, რომლის საშუალებითაც, მეცნიერები მრავალი წლის განმავლობაში გაზომავენ მთვარის პოზიციას.
NASA-ს ინსტრუმენტების გარდა, Astrbotic-ის Peregrine-ს სხვა სამეცნიერო აღჭურვილობაც მიაქვს, მათ შორის, ორი მავალი — ერთი გერმანიის აეროკოსმოსური ცენტრის (DLR) და მეორე კარნეგი მელონის უნივერსიტეტის სტუდენტების; ბორტზე ასევე არის DLR-ის მიერ შექმნილი რადიაციის დეტექტორი.
ხომალდზე მოთავსებულია რამდენიმე არასამეცნიერო ტვირთიც. მათ შორის არის დროის კაფსულა, ხელოვნების ნიმუში, მოთხრობათა კრებული, ბიტკოინი და კრემირებული ადამიანის ფერფლი.
აღსანიშნავია, რომ 1998 წელს, მთვარის ორბიტაზე გაგზავნილმა ამერიკულმა მისია Lunar Prospector-მა მთვარეზე წაიღო პლანეტური გეოლოგის, იუჯინ შუმეიკერის ფერფლი.
Peregrine მთვარის ზედაპირზე 2024 წლის 23 თებერვალს დაეშვება.