პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მკურნალობას აგრძელებს 28 ინფიცირებული, რომელთაგან ერთი რეანიმაციაშია
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ ეტაპზე ყველაზე მცირე რაოდენობის პაციენტი გვყავს, რაც ძალიან გვახარებს – 28 კოვიდინფიცირებული, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ერთი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება, მაგრამ ზოგადი მდგომარეობა წინა პერიოდთან შედარებით დადებითი დინამიკით არის.
„დანარჩენ პაციენტებთან, რომლებიც იმყოფებიან თერაპიულ განყოფილებაში, არც ერთთან არანაირი პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება, ვაკვირდებით, ასევე ვაპირებთ პროტოკოლის მიხედვით განმეორებითი ტესტების ჩატარებას. იმედია, რამდენიმე დღეში ყველა ეს პაციენტი დატოვებს კლინიკას. საბედნიეროდ, ბოლო 10 დღეა, არც ერთი ახალი პაციენტი ჩვენს კლინიკაში არ ყოფილა. ერთი გვყავს რეანიმაციაში ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე დადებითი დინამიკით“, – განაცხადა მან.
რატიანის თქმით, კლინიკიდან ოთხი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა.
„ველოდებით 11 პირველად პასუხს, იმედია ესენიც დატოვებენ კლინიკას და, სავარაუდოდ, მალე ჩვენი კლინიკა გადავა ჩვეულ რეჟიმში“, – განაცხადა ლევან რატიანმა.