პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი პაციენტებიდან სამის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის ლევან რატიანის განცხადებით, კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში სულ ექვსი პაციენტი მკურნალობს, აქედან სამის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება.
„რაც შეეხება კრტიკულ პაციენტებს, კლინიკაში კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მკურნალობს ექვსი პაციენტი, აქედან ჩვენი პირველი პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. ქალბატონი, რომელიც არის 62 წლის, დღეს გაიგზავნა სინჯი განმეორებით ლუგარში ტესტირებაზე, კოვიდინფექციაზე, თუ მივიღეთ უარყოფითი პასუხი, ალბათ ამ დღეებში გაეწერება კლინიკიდან. რაც შეეხება ქალბატონს 80 წლის, რომელიც მოხსნილია მართვითი სუნთქვიდან, გასულია რამდენიმე საათი, ამ ეტაპამდე ქალბატონი ინარჩუნებს გარეგანი სუნთქვის პარამეტრებს ფიზიოლოგიურ პირობებში, ოქსიგენდმოკიდებულებით, იმედია ასე გაგრძელდება და რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან“, – განაცხადა რატიანმა.
რატიანის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 42 წლის მამაკაცის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
„რაც შეეხება 42 წლის მამაკაცს, რომელიც შემოსულია ჩვენს კინიკაში რამდენიმე დღის უკან, კლინიკურად სახეზე იყო მწვავე რესპირატორული დისტრესი, სუნთქვის მწავე უკმარისობითაც, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, დინამიკა შენარჩუნებული გვაქვს, უარყოფითი დინამიკის გარეშე. იმედია, ასე გაგრძელდება“ , – აღნიშნა რატიანმა.
ლევან რატიანის განმარტებით, კვლავ კრიტიკული რჩება სამი პაციენტის მდგომარეობა.
„რაც შეეხება დანარჩენ სამ პაციენტს, რომლებიც იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება კრიტიკული, განსაკუთრებით ერთი პაციენტის, 67 წლის, რომელიც გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან, ჰემოდინამიკის რღვევასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ვიტალური პარამეტრები ნარჩუნდება“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.
ამასთან, რატიანი ამბობს, რომ კლინიკაში მოთავსებული ორი ორსულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ორსულ ქალბატონებს რაც შეეხება, მათთან კლინიკური გამოვლინებები, კოვიდვირუსის დამახასიათებელი ამ ეტაპამდე არ ვლინდება“ ,- განაცხადა რატიანმა.
რატიანის განმარტებით, სტაბილურია 13 წლის მოზარდის მდგომარეობაც.
„რაც შეხება 13 წლის ბიჭუნას, მე თვითონ ვნახე რამდენჯერმე დღეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია. იმედი გვაქვს, ასეთი სტაბილური კლინიკური მაჩვენებლებით გაეწერება ბიჭუნა კლინიკიდან“ , – განაცხადა რატიანმა.
ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკის თერაპიულ განყოფილებაში 29 პაციენტი წევს.
„ 29-ვეს დადასტურებული აქვს კომპიუტერული ტომოგრაფიით მწვავე პნევმონია, რესპირატორული დისტრესსინდრომის გამოვლინებებით. ჩატარებული მკურნალობის შედგად, მათი დინამიკა უარყოფითის გარეშეა“ , – დასძინა რატიანმა.