მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია
მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 3500-მდე პაციენტიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 22 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„3500-მდე პაციენტიდან კრიტიკულად ითვლება 25 პაციენტი, მათგან 22 მართვით სუნთქვაზეა“, – განაცხადა ენდელაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, მარინა ენდელაძის თქმით, კლინიკიდან ხუთი პაციენტი გაეწერა, შესაბამისად, ამჟამად ცენტრში ახალი კორონავირუსით 29 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან ორის მდგომარეობა მძიმე, ერთის კი კრიტიკულია.

ამასთან, მარინა ენდელაძემ შეაფასა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებაც. ენდელაძის განცხადებით, ფიქსირდება შემთხვევების მატება, თუმცა არ არის მნიშვნელოვანი მატება და ვითარება სტაბილურდება.

„არის მატება, მაგრამ არა მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, სტაბილიზაციისკენ მივდივართ და მოხდება პროცესის შეკავება-შეჩერება“,- აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული.​ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 054-ს შეადგენს.