ლევან რატიანი აცხადებს, რომ საუნივერსიტეტო კლინიკიდან კოვიდინფიცირებული ორსულის გაქცევის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
ლევან რატიანი აცხადებს, რომ საუნივერსიტეტო კლინიკიდან კოვიდინფიცირებული ორსულის გაქცევის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კორონავირუსით ინფიცირებული ორსული კლინიკიდან გაიქცა.

ლევან რატიანის თქმით, ორსული კლინიკაში 21 ოქტომბერს შევიდა და მისივე სურვილით, კლინიკიდან სახლში, თვითიზოლაციაში გადავიდა.

ლევან რატიანი განმარტავს, რომ ვინაიდან ორსულს სურდა გაწერა და მას ჰქონდა თვითიზოლაციის შესაძლებლობა, კლინიკურმა დირექტორმა გადაწყვიტა, დაცვის სამსახურთან ერთად დაეტოვებინა საავადმყოფო. მისივე განცხადებით, ორსულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

„რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, სამწუხაროდ, არ ვიცი რატომ მოხდა, მაგრამ არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენი კლინიკა თავიდან ბოლომდე მონიტორულ სისტემაზეა აღჭურვილი. მე, ქალბატონი ლალი, ქალბატონი ქეთი 24 საათის განმავლობაში კლინიკაში ვიმყოფებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, არც ერთი პაციენტი, არც ერთ კითხვაზე უპასუხოდ არ რჩება. 21 ოქტომბერს კლინიკაში შემოვიდა 30 კვირის ორსული. პროტოკოლის მიხედვით მოხდა პაციენტის გამოკვლევა, იყო მცირე პათოგენური სიმპტომატიკა გამოვლენილი, რომელიც დინამიკაში ჩატარებული მკურნალობის მიხედვით ალაგდა. ვინაიდან ქალბატონს სურდა გაწერა და მას ჰქონდა თვითიზოლაციის შესაძლებლობა, კლინიკურმა დირექტორმა გადაწყვიტა, დაცვის სამსახურთან ერთად დაეტოვებინა კლინიკა. ამ წუთას პაციენტი არის სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით, თავს გრძნობს კარგად“, – განაცხადა ლევან რატიანმა.