პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა
თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 60 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 55 კორონავირუსით ინფიცირებულია.
კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს. ჯამში, ამ დროისთვის რეანიმაციაში რვა პაციენტი წევს.
ამასთან, ლევან რატიანი ამბობს, რომ სამი პაციენტის მდგომარეობა შედარებით დამძიმდა.
„რეანიმაციაში უკვე არის რვა პაციენტი, სამი პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში დამძიმდა, გამოიხატა მწვავე ფილტვის სურათი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და აქედან გამომდინარე, ინტენსიური თერაპიიდან გადაყვანილ იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში.
დაწყებულია და გაგრძელდა სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობა. ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ. დანარჩენი სამი პაციენტი იცით, რომ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე მძიმეა, მაგრამ ვიტალური ფუნქციის შენარჩუნებით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
რაც შეეხება მოზარდებს, რატიანის თქმით, მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია, გართულებები არ გამოვლენილა.
„დანარჩენი პაციენტები, რომლებიც არიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.
ლევან რატიანის განმარტებით, ერთ-ერთ ორსულთან დაკავშირებით პირველადი ტესტის პასუხებს ელოდებიან.
„რაც შეეხება ორსულების მდგომარეობას, დინამიკაში უცვლელია. გაგზავნილი გვაქვს, ველოდებით პირველად პასუხებს“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.