პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა
პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტს 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არც ერთი ყოფილა.

კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადაეგზავნება და ცვლილებები ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა.

რაც შეეხება პარლამენტის გადაწყვეტილებას, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ პანდემიის ან ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.

ამასთან, ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით. ასევე, 20-ლარიანი ჯარიმა არის გათვალისწინებული ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევაზე.

ზემოაღნიშნულის გარდა, კანონპროექტით დაკონკრეტდა, რომ პირბადის ტარების წესს, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, საქართველოს მთავრობა ან მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო დაადგენს. კანონპროექტით განისაზღვრება ისიც, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სახდელის დადებას, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი ორგანოების გარდა, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოებიც განახორციელებენ.

გარდა ამისა, განხილვებისას დაკონკრეტდა, რომ მოქალაქეებს, რომელთაც პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ, საშუალება ექნებათ, სამედიცინო დაწესებულებებს მომართონ, შესაბამისი ცნობა აიღონ, საჭიროებისამებრ წარადგინონ და 20 ლარით აღარ დაჯარიმდებიან.