ვასილ მაღლაფერიძე - შალვა პაპუაშვილსა და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მივალთ იმ ოპტიმალურ მოდელამდე, რომელიც არ შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას
ვასილ მაღლაფერიძე - შალვა პაპუაშვილსა და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მივალთ იმ ოპტიმალურ მოდელამდე, რომელიც არ შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილსა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მაუწყებლის დაფინანსების ის მოდელი იქნება შემუშავებული, რომელიც ტელევიზიის საჭიროებებსაც დააკმაყოფილებს და არც დამოუკიდებლობას შეუქმნის საფრთხეს.

საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილსა და ირაკლი კობახიძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე შეხვდნენ.

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, მაუწყებლის დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. გენერალური დირექტორი და მე შევხვდით პარლამენტის თავმჯდომარეს და პარტიის თავმჯდომარეს. დეტალურად გავიარეთ მაუწყებლის დაფინანსების საკითხი. სრული მზაობა იყო და ნამდვილად კმაყოფილები ვართ – უპირობოდ შევთანხმდით, რომ მაუწყებლის დამოუკიდებლობას არაფერი დაემუქრება, ის მოდელი იქნება შემუშავებული, რომელიც ტელევიზიის საჭიროებებსაც დააკმაყოფილებს და არც მის დამოუკიდებლობას შეეხება. არსებულ მოდელს მომავალში, შესაძლოა, გარკვეული ხარვეზები აღმოაჩნდეს. ამიტომ შევთანხმდით, რომ მუშაობა გაგრძელდება და მივალთ ოპტიმალურ მოდელამდე. გადავალთ სამუშაო ვითარებაში, კიდევ შევხვდებით, ჩაერთვებიან ფინანსისტები. არის მზაობა, რომ გაგრძელდეს მუშაობა“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.