2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მხოლოდ 169 რუსი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. სწორედ ამდენი განაცხადი დააკმაყოფილა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა. პიონჩანგის თამაშებში მონაწილეობაზე 500 სპორტსმენს ჰქონდა შეტანილი განაცხადი, მაგრამ ორ მესამედს ცუდი სადოპინგო წარსულის გამო, ასპარეზობაზე უარი უთხრეს.
2018 წლის თამაშებში მონაწილეობა აუკრძალეს ზამთრის სპორტის სახეობების რუს ლიდერებს – ბიატლონისტ ანტონ შიპულინს, მოთხილამურე სერგეი უსტიუგოვს, შორტტრეკისტ ვიქტორ ანს, მოციგურავეებს პაველ კულიჟნიკოვსა და დენის იუსკოვს.
რუსეთს აკრძალული აქვს პიონჩანგში საკუთარი დროშისა და ჰიმნის ქვეშ გამოსვლა. რუსეთის ნაკრების სახელწოდება იქნება – “ოლიმპიური ათლეტები რუსეთიდან”. რუსი სპორტსმენების გამარჯვების შემთხვევაში, აჟღერდება ოლიმპიური ჰიმნი და აღმართავენ ოლიმპიურ დროშას.
ოლიმპიური თამაშები 9-25 თებერვალს გაიმართება.