პეტრო პოროშენკომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას ტერაქტების აღკვეთისთვის მადლობა გადაუხადა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას ტერაქტების აღკვეთისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ პოროშენკომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.
„მადლობელი ვარ უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის მასობრივი ტერაქტების აღკვეთისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სპეცოპერაციის გამოაშკარავებისათვის. ასევე მადლობას ვუხდი შეიარაღებული ძალების ოფიცრებს, რომლებიც პროვოკაციებს არ წამოეგნენ და დროულად აცნობეს სამართალდამცველ ორგანოებს აგრესორისა და მეხუთე კოლონის დანაშაულებრივი ჩანაფიქრის შესახებ. რუსეთის სპეცოპერაციის მიზანია, დათესოს ქაოსი და გაანადგუროს უკრაინული სახელმწიფო. ყველაფერი ეს არის მორიგი შეხსენება, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარეობს ფართომასშტაბური ჰიბრიდული ომი, რომელშიც გადარჩენას მხოლოდ გაერთიანების შემთხვევაში შევძლებთ“, – წერს პეტრო პოროშენკო სოციალურ ქსელში.
დღეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა სახალხო დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო, რომელსაც გენერალური პროკურატურა სახელმწიფო გადატრიალებისა და ტერაქტების დაგეგმვაში ადანაშაულებს. მანამდე, უკრაინის უმაღლესმა რადამ ნადეჟდა სავჩენკოს დეპუტატის იმუნიტეტი გაუუქმა.
ნადეჟდა სავჩენკოსთვის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს. სხდომა უახლოესი სამი დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.
სავჩენკოს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს. უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას აპირებდა, ასევე პრეზიდენტზე, დეპუტატებსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებზე თავდასხმას გეგმავდა და უმაღლესი რადას შენობაში ტერაქტს ამზადებდა. ამას გარდა, სავჩენკოს ტერორისტული ორგანიზაციის, კერძოდ ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელშეწყობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო აღჭურვილობის უკანონო ტრანსპორტირებაში ადანაშაულებენ.
„გამოძიებას აქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომ ნადეჟდა სავჩენკო პირადად გეგმავდა, პირადად იბირებდა, პირადად გასცემდა განკარგულებებს, როგორ განხორციელდეს ტერორისტული აქტი აქ, ამ დარბაზში, საბრძოლო ხელყუმბარებით ორი ლოჟის განადგურებით“, – განაცხადა რადაში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ. ლუცენკომ დღეს დეპუტატებს სავჩენკოს დანაშაულის დასამტკიცებლად აუდიო და ვიდეომასალები წარუდგინა.
დღეს რადა რეგლამენტის კომიტეტის სხდომაზე სავჩენკომ განაცხადა, რომ სამხედრო პუტჩს ხელისუფლების შეცვლის ჰუმანურ გზად მიიჩნევს. სავჩენკომ ასევე აღიარა, რომ დონბასიდან იარაღი წამოიღო და კიევში სამთავრობო უბნის განადგურების სქემებს ხატავდა, თუმცა ამ ყველაფერს მან „სიურრეალიზმი და პოლიტიკური პროვოკაცია“ უწოდა.