ნადეჟდა სავჩენკო დააკავეს 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის პარლამენტის დერეფანში დააკავა, ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

გამომძიებელმა სავჩენკოს ეჭვმიტანილად ცნობის ოქმი ჩააბარა. მანამდე, რამდენიმე წუთით ადრე უკრაინის  უმაღლესმა რადამ ნადეჟდა სავჩენკოსთვის დეპუტატის იმუნიტეტის გაუქმებასა და დაპატიმრებას დაუჭირა მხარი.

უკრაინის უმაღლესმა რადამ ნადეჟდა სავჩენკოს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. ამასთან, უკრაინელმა კანონმდებლებმა ნადეჟდა სავჩენკოს წინააღმდეგ გამოძიების დაწყებასა და დაპატიმრებას დაუჭირეს მხარი.

უკრაინის გენერალური პროკურატურა ნადეჟდა სავჩენკოს სახელმწიფო გადატრიალების მომზადებასა და პარლამენტში ტერაქტის დაგეგმვაში ადანაშაულებს.
უმაღლესი რადას სხდომაზე დღეს იური ლუცენკომ ნადეჟდა სავჩენკოს წინააღმდეგ ბრალდებების დასამტკიცებლად ვიდეო და აუდიომასალა წარადგინა.

 

მოგვიანებით, სავჩენკომ განაცხადა, რომ პეტრო პოროშენკოს გარემოცვა მის ლიკვიდაციას გეგმავდა, ამისთვის კი პროვოკაციას ამზადებდა.  სავჩენკომ სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იარაღის ტრანსპორტირება დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ ამას პროვოკაციის მიზნით აკეთებდა. სავჩენკოს მტკიცებით, ტერაქტების ორგანიზების შესახებ მოლაპარაკებებს ხელისუფლებისთვის კვალის ასარევად აწარმოებდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სავჩენკო ოფიცერ ვლადიმერ რუბანის საქმის ფიგურანტია. რუბანი დონეცკის ოლქიდან, სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იარღის ტრანსპორტირების დროს დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, ის უკრაინის პრეზიდენტზე, პეტრო პოროშენკოზე, ასევე ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებზე თავდასხმას გეგმავდა.