პეტრო პოროშენკო - ხმა მივეცი უნიკალურ გუნდს, რომელიც მოიგერიებს რუსეთის რევანშს და უკრაინას წინ წაიყვანს
ხმა მივეცი იმ უნიკალურ გუნდს, რომელიც მოიგერიებს რუსეთის რევანშს და უკრაინას წინ წაიყვანს, – ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
„ხმა მივეცი ევროკავშირს, ნატო-ს, ევროპულ და ევროატლანტიკურ უკრაინას. უკრაინას, რომელიც მიისწრაფვის წინ. ევროკავშირი და ნატო თითოეული უკრაინელი მოქალაქისთვის არიან მშვიდობის, წარმატებისა და კეთილდღეობის გარანტორები. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ის კურსი, რომელსაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მივყვებოდით. შევინარჩუნოთ სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტი და ვუპასუხოთ რუსულ რევანშს, არ მივცეთ რუსეთს საშუალება, დაანგრიონ ჩვენი შესანიშნავი სახელმწიფო. მე ხმა მივეცი იმ უნიკალურ გუნდს, რომელიც მოიგერიებს რუსეთის რევანშს და უკრაინას წინ წაიყვანს“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
უკრაინაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. არჩევნებში 22 პარტია მონაწილეობს, რომელთა პარტიულ სიებში 2 747 კანდიდატია. ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში სულ 3 083 კანდიდატი იყრის კენჭს. მათგან ნახევარი დამოუკიდებლად მონაწილეობს არჩევნებში.
წინასწარი პროგნოზით, მეცხრე მოწვევის რადაში ხუთი პარტია შევა. ფავორიტი უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურია“, მეორე ადგილზე კი არის ვიქტორ მედვედჩუკის „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“, რომელსაც ამომრჩეველთა 12 პროცენტი უჭერს მხარს. რადაში ასევე მოხვდებიან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპული სოლიდარობა“, იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინა“ და როკმუსიკოს სვიატოსლავ ვაკარჩუკის „გოლოსი“.
რადას ვადამდელი არჩევნების წინასწარი შედეგი საღამოს გახდება ცნობილი. ეგზიტპოლების შედეგები 21 ივლისს, საღამოს გამოქვეყნდება.
მეცხრე მოწვევის რადას პირველის სხდომა 9 სექტემბრამდე უნდა გაიმართოს.
უკრაინაში მიმდინარე ვადამდელ საპარლამენტოს არჩევნებს საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი აშუქებს.