პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ შრომითი ინსპექციის ეფექტიანობისთვის პროცესში სამი მხარის ჩართვაა საჭირო
გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ შრომითი ინსპექციის ეფექტიანობისთვის ადმინისტრირების პროცესში სამი მხარე – სახელმწიფო, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაციები უნდა ჩაერთონ.
როგორც ირაკლი პეტრიაშვილმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, მას “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, მათ შორის შრომითი ინსპექციის არეალის შემცირებასთან დაკავშირებითაც.
„ყველაზე მთავარი შრომითი ინსპექციის სამმხრივი ადმინისტრირებაა. მიკერძოების შესახებ შიშების გასანეიტრალებლად საჭიროა, ადმინისტრირებაში როგორც დასაქმებულთა, ისე, დამსაქმებელთა ორგანიზაციები ჩაერთონ. მაგალითად, შეიძლება პრეტენზია გვქონდეს, რომ კონკრეტულ მშენებლობაზე ან შახტაზე სამუშაოები დარღვევით მიმდინარეობს, მაგრამ როდესაც ეს მხოლოდ ხელისუფლების ქვემდებარე სტრუქტურაა და სამმხრივი სოციალური პარტნიორები არ მონაწილეობენ, შესაძლოა დამსაქმებელთან გარიგება. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება კითხვის ნიშნები გაჩნდეს“, – განაცხადა პეტრიაშვილმა და აღნიშნა, რომ რაც შეეხება სანქციებს, კანონპროექტში ეს საკითხი მეტ-ნაკლებად ნორმლურადაა მოცემული.
პეტრიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ კანონპროექტზე ბიზნეს ორგანიზაციები გავლენას არ მოახდენენ.
“შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტს დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ.