ირაკლი პეტრიაშვილი - ე.წ. ბიზნესმენები სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღებინებენ დახმარებას თანამშრომლებს, იმ დროს, როდესაც მათ ბიზნესს საფრთხე არ შექმნია
ირაკლი პეტრიაშვილი - ე.წ. ბიზნესმენები სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღებინებენ დახმარებას თანამშრომლებს, იმ დროს, როდესაც მათ ბიზნესს საფრთხე არ შექმნია

ე.წ. ბიზნესმენები სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღებინებენ დახმარებას თანამშრომლებს, იმ დროს, როდესაც მათ ბიზნესს საფრთხე არ შექმნია, – ამის შესახებ პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ინფორმაციით, საუბარია ორ კომპანიაზე, რომლებიც „ე.წ. გასაცემ ხელფასს ზოგავენ და ხელფასის ნაწილს კიდებენ სახელმწიფო ბიუჯეტს“.

ამასთან, პეტრიაშვილი არ აკონკრეტებს, თუ რომელ ორ კომპანიას ეხება საქმე. მისი თქმით, ინფორმაცია შესაბამის უწყებებსაც უნდა ჰქონდეთ და მკაცრი რეაგირება მოახდინონ.

„ამ ყველაფერს სახელი არ აქვს, „თაღლითობაც“ კი შეუსაბამო იქნება, იმდენად მძიმეა ამ მართლაც საომარ ვითარებაში ის მწირი ბიუჯეტი, რომელიც უამრავ გამოწვევას უნდა უძლებდეს და ჩვენი მოქალაქეები გარკვეულწილად უნდა „გავიტანოთ” ეკონომიკურ, სოციალურ სფეროსთან მიმართებაში, ვიდრე დამთავრდება პანდემიის კრიზისული პერიოდი. რეალურად, ვიღებთ ადამიანებს, ე.წ. ბიზნესმენებს, რომლებიც ბევრად უფრო მდორედ გამოიყურებიან, ვიდრე საბჭოთა სპეკულანტები და ისინი ამ სიტუაციით სპეკულირებენ. სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღებინებენ დახმარებას თანამშრომლებს, იმ დროს, როდესაც მათ ბიზნესს საფრთხე არ შექმნია. ეს რომ იყოს ბიზნესი, რომელიც უბრალოდ გაჩერდა, ოპერირება შეწყვიტა, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ ეს არის სასურსათო მიწოდების ქსელი. ორი მათგანი, ჯერ რა ინფორმაციაც გვაქვს და რომელთა თანამშრომლების მიმართაც გვაქვს ეს ინფორმაცია, ისინი ე.წ. გასაცემ ხელფასს ზოგავენ და ხელფასის ნაწილს კიდებენ სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც ისედაც ძალიან მძიმე ვითარებაშია და მძიმე გამოწვევის წინაშე დგას.

თუ პროფკავშირებს აქვს ეს ინფორმაცია, ბუნებრივია, უნდა ჰქონდეთ ეს ინფორმაცია იმ უწყებებსაც, რომლებსაც ამ ყველაფერზე კონტროლი ევალებათ, არ მინდა, რაიმე შეთქმულების თეორიებზე ვისაუბრო, ველოდები მათგან მკაცრ რეაგირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებისთვის ცნობილს გავხდით ყველა ამ კომპანიის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ვუფრთხილდებით ამ თანამშრომლების გათავისუფლება სინამდვილეში არ იყოს რეალიზებული“, – აცხადებს პეტრიაშვილი.