„ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები კომპანიის ოფისთან აქციებს გამართავენ
„ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები კომპანიის ოფისთან აქციებს გამართავენ

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის ინფორმაციით, პროფკავშირების ორგანიზებით, ხვალ „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ მიერ გათავისუფლებული თანამშრომლები კომპანიის ოფისთან საპროტესტო აქციას გამართავენ. ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, დასაქმებულების გათავისუფლება უკანონოდ მოხდა და გაერთიანება ყველა რესურსს გამოიყენებს, რათა კომპანიაზე განახორციელოს ზემოქმედება, თანამშრომლებს აუნაზღაურონ ხელფასები და აღადგინონ სამსახურში.

„ხვალ ჩვენ გვაქვს საპროტესტო აქცია და ეს პროტესტი გაგრძელდება. გაგრძელდება არა მარტო საქართველოში, არამედ აშშ-ში, სადაც ძალიან ძლიერი პარტნიორები და მეგობრები გვყავს პროფკავშირების სახით. ჩვენ ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ, რომ ზემოქმედება მოვახდინოთ კომპანიასა და ხარბ დამსაქმებლებზე, ჯიბიდან ამოიღონ ის, რაც ამ ადამიანებს ეკუთვნით. 13:00 საათზე უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შევიკრიბებით „ფრონტერას“ თანამშრომლებთან ერთად, შემდეგ მივალთ „ფრონტერას“ ოფისთან და პროტესტს გამოვთქვამთ. ეს არ იქნება ერთჯერადი პროტესტი და აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე ამ ყველაფერს“, – განაცხადა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ.

ირაკლი პეტრიაშვილი თქმით, პროფკავშირების სამართლებრივ დავას კომპანიის წინააღმდეგ, სავარაუდოდ მომდევნო კვირაში დაიწყებს. როგორც პეტრიაშვილმა განაცხადა, სახელმწიფოს დანაშაული იკვეთება იმ კუთხით, რომ დასაქმებულებმა დავის დასაწყებად სასამართლოში გარკვეული თანხა უნდა გადაიხადონ, რისი საშუალებაც მათ არ აქვთ.

„ამ კუთხით პრობლემებია სახელმწიფოშიც. ხელისუფლება რასაც განსაზღვრავს და რა გზავნილებსაც იძლევა – იქნება ეს კანონმდებლობა, რიტორიკა თუ სხვადასხვა საკანონმდებლო აქტები, იმას იღებენ დამსაქმებლები. მათ ჰგონიათ, რომ შეიძლება ამუშაო ადამიანი, არ გადაუხადო მისი კუთვნილი შრომის ანაზღაურება და პლუს კიდევ დასაჯო და გაათავისუფლო სამსახურიდან. შრომითი დავა უნდა იყოს გათავისუფლებული ბაჟისგან. ეს კოლოსალური თანხა, რომელიც 10 ათას ლარს სცდება, უნდა შევუგროვოთ და ჩვენ უნდა ვაწარმოოთ სამართლებრივი დავა. წარმოიდგინეთ, როგორი გადასახდელია ეს თანხა უმუშევარი ადამიანებისთვის. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ პროფკავშირის ყველა გაერთიანება იქნება სოლიდარული და ჩვენ დავეხმარებით ამ ადამიანებს. არცერთი სასამართლო პროცესი არ წაგვიგია პროფკავშირს ბოლო ოთხი წელია და აუცილებლად მოვიგებთ ამ პროცესსაც“, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.