პერუში ნიღბიანი, შემზარავი კერპებით სავსე ოთახი აღმოაჩინეს
18:24, 29.10.2018
უძველესი პერუული კულტურის მიერ აგებული უზარმაზარი ციტადელის სიღრმეში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს დერეფანი, რომელშიც იდუმალებით მოცულ 19 ხის შავ სკულპტურას მიაგნეს.
ზოგიერთ მათგანს თიხის ნიღაბი აქვს და კედელში გამოჭრილ სიცარიელეებშია ჩამწკრივებული. ქანდაკებები ჩიმუს კულტურის დედაქალაქ ჩან-ჩანში, ციტადელის ნანგრევებში აღმოაჩინეს. არქეოლოგთა განცხადებით, ეს ქალაქი მრავალ საიდუმლოს მალავს.
მათი თქმით, ქანდაკებები 800 წლისაა და შესაძლოა, ე. წ. მცველ ფიგურებს მიეკუთვნება.
თითოეული კერპის სიმაღლე დაახლოებით 70 სანტიმეტრია და აქვთ ერთმანეთისგან განსხვავებული ანთროპომორფული მახასიათებლები. მათი ნიღბები კრემისფერი თიხისგან არის დამზადებული და თითოეულ მათგანს თავზე ადგას სკიპტრა, უკანა მხარეს კი მიმაგრებული აქვთ წრიული ობიექტები, რომლებიც სავარაუდოდ, ფარს წარმოადგენს.
33-მეტრიანი დერეფანი, რომელშიც ეს კერპებია განთავსებული, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო საცერემონიო შიდა ეზოსთან.
არქეოლოგ ჰენრი გაიოსოს განცხადებით, ისინი დარწმუნებული არიან, რომ ეს ფიგურები მცველებს განასახირებდნენ.
გარდა სკულპტურებისა, დერეფნის გარე კედლები დეკორირებული იყო შთამბეჭდავი რელიეფური კედლის მხატვრობით. დომინირებს ტალღის მოტივები, სათევზაო ბადეები, გრაგნილები.
კედელზე ასევე გამოსახულია „მთვარის ცხოველი“ — კოლუმბამდელი კულტურების მნიშვნელოვანი სიმბოლო.
ქალაქი ჩან-ჩანი 1986 წელს იუნესკო-მ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ერთ დროს ის კოლუმბამდელი ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი იყო და წარმოადგენდა გამოუწვავი აგურით ნაგებ უდიდეს ქალაქს მსოფლიოში, 10 000-ზე მეტი შენობით. ყვაოდა ახ. წ. 900-1470 წლებში, როდესაც ის ინკებმა დაამარცხეს და თავიანთ იმპერიას შეუერთეს.
ამ მომენტიდან ქალაქმა დასუსტება დაიწყო, თანდათანობით კი ნანგრევებად იქცა.
ამჟამად მიმდინარე გათხრები და აღდგენითი სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდება.