ათასობით წლის წინ, უძველეს რიტუალში, პერუში ბავშვი მსხვერპლად შესწირეს — კისერთან თავი მოკვეთეს და ერთგვარ ტროფეიდ (მოკლული არსების თავი ან რქები, რომელსაც წარმატების სამახსოვროდ კედელზე გამოფენენ ხოლმე) გადააქციეს. მუმიის თავიდან აღებული თმის ანალიზმა ცხადყო, რომ სიკვდილით დასჯამდე, ცერემონიის ფარგლებში, ბავშვს ფსიქოაქტიური კაქტუსი აჭამეს.
ახალ კვლევაში, ბავშვის მუმიფიცირებულ თავთან ერთად ასევე შეისწავლეს უძველესი ნასკას საზოგადოების კიდევ 22 სხვა ადამიანის ნეშტი; ყველა ეს ინდივიდი ესპანელებამდელ პერიოდში (ძვ. წ. 3500 – ახ. წ. 476) ცხოვრობდა. მათი სამარხები პერუს სამხრეთ სანაპიროსთან აღმოაჩინეს, ნასკას პროექტის ფარგლებში მიმდინარე გათხრებისას, რომელიც 1982 წელს დაიწყო.
მეცნიერებმა ჯერ დაზუსტებით არ იციან ბავშვის სქესი და რა ასაკში დაიღუპა, მაგრამ იუწყებიან, რომ შეჭმული ჰქონდა კაქტუსი „სან-პედრო“ (Echinopsis pachanoi), ეკლიანი მცენარე, რომელიც ძლიერი ჰალუცინოგენური თვისებებით გამოირჩევა და ამერიკის ადგილობრივი ცივილიზაციები აქტიურად იყენებდნენ ტრადიციულ მედიცინასა და რიტუალებში.
„ამ ბავშვის თავი პირველი შემთხვევაა, როდესაც პერუს სამხრეთ სანაპიროზე მცხოვრები ინდივიდის მიერ სან-პედროს კაქტუსის მოხმარების კვალს მივაგენით. ასევე პირველი მტკიცებულებაა იმისა, რომ ტროფეი თავად გადასაქცევად განწირულ მსხვერპლს სიკვდილამდე სტიმულატორი მისცეს“, — ამბობს ვარშავის უნივერსიტეტის ანდური კვლევების ცენტრის მკვლევარი დაგმარა სოჩა.
კვლევისათვის, სოჩამ და მისმა ჯგუფმა ინდივიდების თავის ქალებიდან თმის ნიმუშები შეაგროვა; სამი მათგანი ზრდასრულ ადამიანს ეკუთვნოდა, 18 კი როგორც ზრდასრულთა, ისე ბავშვების მუმიებს. ტოქსიკოლოგიურმა ანალიზებმა ცხადყო, რომ ბევრ მათგანს სიკვდილამდე გარკვეული ტიპის ფსიქოაქტიური ნივთიერება ან სტიმულატორი მცენარე ჰქონდა მოხმარებული.
მათ შორის იყო კოკას ფოთლები, რომლები ფსიქოაქტიური ნივთიერების, კოკაინის წყაროა; კაქტუსი სან-პედრო, რომელიც ფსიქოდელიურ (ჰალუცინაციების გამომწვევ) ნივთიერება მესკალინს შეიცავს.
მკვლევრებმა ასევე დააფიქსირეს მცენარე Banisteriopsis caapi-ს კვალი; ის აიაჰუასკას მთავარი შემადგენელია — ჰალუცინოგენური სასმლის, რომელიც ჰარმინსა და ჰარმალინს შეიცავს (ორივე ნაერთს დღეს თანამედროვე ანტიდეპრესანტებში იყენებენ).
„საინტერესო იყო იმის დადგენა, თუ რამდენ ადამიანს მიუწვდებოდა ხელი ამ მცენარეებზე. ასევე გვსურდა ზოგიერთი ამ უძველესი მცენარის სავაჭრო გზების აღმოჩენა. მაგალითად, კოკას ფოთლები პერუს სამხრეთ სანაპიროზე არ მოჰყავდათ, ამიტომ, ისინი იქ ან ჩრდილოეთ პერუდან უნდა ჩაეტანათ, ან ამაზონის რეგიონიდან“, — ამბობს სოჩა.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეს საშუალებები ძვ. წ. 100 – ახ. წ. 450 წლებს შორის არის გამოყენებული.
„ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ სხვადასხვა კულტურისთვის, სამედიცინო და ვიზუალური ეფექტების მიზნით, ეს მცენარეები უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო. დროის ამ პერიოდის შესახებ წერილობითი ცნობები არ არსებობს და შესაბამისად, ის, რაც ნასკას და მისი მეზობელი კულტურების შესახებ ვიცით, მხოლოდ არქეოლოგიურ კვლევებს ეფუძნება“, — ამბობს სოჩა.
ამ კვლევამდე 16 წლით ადრე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის პროფესორმა და შტუტგარტის ბუნების ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელმა რაინერ ბუსმანმა, Journal of Ethnobiology and Ethnomedicine-ში გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც შეისწავლა ჩრდილოეთ პერუს ადგილობრივი საზოგადოებების მიერ სამედიცინო მცენარეების გამოყენება.
სოჩას მსგავსად, ბუსმანმაც სხვადასხვა კულტივირებული მცენარის სავაჭრო გზები შეისწავლა ამ რეგიონში.
„ამ რეგიონში ყოველთვის მცირე ვაჭრობა მიმდინარეობდა; მცენარეები პერუს სანაპიროს ზედა და ქვედა რეგიონებში გასაყიდად ამაზონიდან შეჰქონდათ. ტრადიციულად, ამ მცენარეებს საცერემონიო და სამედიცინო მიზნებისთვის იყენებდნენ, ზოგჯერ ახდენდნენ მათ კომბინაციასაც. არასოდეს მინახავს ცნობა მათი რეკრეაციული მიზნით გამოყენების შესახებ, ამ კულტურებისთვის, ყოველთვის არსებობდა კონკრეტული მიზანი“, — ამბობს ბუსმანი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები ამ მცენარეებს სამედიცინო და საცერემონიო მტკიცებულებებზე მიუთითებს, მეცნიერებს მაინც აინტერესებთ, რამდენად ფართოდ გამოიყენებოდა ისინი ნასკას კულტურაში.
„სინამდვილეში არ ვიცით, რამდენად ხშირად იყენებდნენ ამ მცენარეებს. კაქტუს სან-პედროს შემთხვევაში, არქეოლოგიურ კონტექსტში ის კარგად შემონახული არ არის; რაც შეეხება კოკას ფოთლებსა და Banisteriopsis caapi-ს, ამ რეგიონში, დროის ამ პერიოდში ისინი არასოდეს გვიპოვია“, — აღნიშნავს სოჩა.
ადამიანთა ნეშტების გარდა, სოჩამ და მისმა ჯგუფმა სამარხებში ასევე აღმოაჩინა სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ქსოვილები, კერამიკის ჭურჭელი, საქსოვი იარაღები და ჩუსპა — ჩანთა, რომელშიც კოკას ფოთლებს ინახავდნენ.
კვლევა Journal of Archeological Science-ის 2022 წლის დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდება.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.