პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა რიგით მეხუთე ანგარიში გამოაქვეყნდა, რომელიც 2017 წელს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობას და გაწეულ საქმიანობას აჯამებს. ანგარიშში გამოვლენილი სამართალდარღვევები და მათზე რეაგირების შედეგები, პრობლემატური საკითხები და მათი გამოსწორების გზები, პოზიტიური დინამიკა და არსებული გამოწვევებია მოცემული.
ანგარიშის თანახმად, 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, გაზრდილია როგორც ჩატარებული ინსპექტირებისა და გამოვლენილი სამართალდარღვევების, ასევე მოქალაქეთა მიმართვიანობის რაოდენობა. გამოვლენილია 274 სამართალდარღვევა. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა მოქალაქეთა 240 მიმართვა.
საანგარიშო პერიოდში 145 ფაქტზე ორგანიზაციებს დაეკისრათ ჯარიმა, გაიცა 53 გაფრთხილება, სავალდებულოდ შესასრულებელი 270 დავალება და რეკომენდაცია. 11 საქმე გადაეცა სხვადასხვა უწყებას რეაგირებისთვის და შესასწავლად, მათ შორის, დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო.
ასევე, გაზრდილია გაწეული კონსულტაციების რაოდენობა და მოქალაქეთა აქტიურობაც. 4800-ზე მეტი კონსულტაციიდან, რომელიც ორგანიზაციებისა და მოქალაქეებისთვის გაიცა, ნახევარი სწორედ მოქალაქეებზე მოდიოდა. ანგარიშის თანახმად, გაუმჯობესებულია ორგანიზაციების ინფორმირების დონე. გასულ წლებთან შედარებით, პროგრესია მონაცემთა დამუშავების საფუძვლების იდენტიფიცირებისა და შენახვის ვადების თვალსაზრისითაც.
კერძო სექტორში მონაცემთა დამუშავების კუთხით ინსპექტორის აპარატმა 2017 წელს 270 სხვადასხვა ბიზნესპროცესი შეისწავლა. დამატებით, აპარატმა კერძო ორგანიზაციებს 1500-ზე მეტი ზეპირი და წერილობითი კონსულტაცია გაუწია.
რაც შეეხება საჯარო ორგანიზაციებს, ანგარიშის თანხმად, ინსპექტორმა მონაცემთა დამუშავების, მათ შორის, შეგროვების, გამოყენების, გამჟღავნების, მესამე პირებისათვის გადაცემის 115 ფაქტი შეისწავლა. საჯარო უწყებებს აპარატმა გაუწია 900-ზე მეტი ზეპირი და წერილობითი კონსულტაცია.
სამართალდამცავ სექტორზე ზედამხედველობისას კი, ინსპექტორის აპარატმა, როგორც განცხადებების განხილვის, ასევე ინსპექტირებების ფარგლებში მონაცემების კანონიერება 77 შემთხვევაში შეისწავლა.
19 შემთხვევაში ორგანიზაციებს შეეფარდათ ჯარიმა, 4 შემთხვევაში – გაფრთხილება, 23 შემთხვევაში კი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ინსპექტორის აპარატმა სამართალდამცავ ორგანოებს 130-ზე მეტი კონსულტაცია გაუწია.
რაც შეეხება სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის სტატისტიკურ მაჩვენებელს, 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, აპარატში შევიდა მოსამართლის 699 განჩინება ფარული მიყურადება-ჩაწერის დაწყების, გაგრძელების დაკანონების, ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და უარის შესახებ.
2017 წლის 31 მარტამდე ფარული საგამოძიებო მოქმედებების ორ ეტაპიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით თანხმობა არ გაიცა ოთხ შემთხვევაზე. 2017 წლის აპრილიდან შეჩერების მექანიზმი გამოყენებულ იქნა 21 განჩინების/დადგენილების შემთხვევაში. ინსპექტორის აპარატმა 10 განჩინებში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის თაობაზე აცნობა კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით უფლებამოსილ ორგანოს. ხარვეზი კი, აღმოფხვრა კანონით დადგენილი წესით, შესაბამის ვადაში.
საანგარიშო პერიოდში ინსპექტორმა ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევის გამო, 25 ორგანიზაციას დააკისრა შესაბამისი პასუხისმგებლობა ჯარიმისა და გაფრთხილების სახით. პირდაპირი მარკეტინგის წესების დარღვევისთვის ორგანიზაციები 23 შემთხვევაში დაჯარიმდნენ.
2017 წლის განმავლობაში აპარატმა შეისწავლა 30-ზე მეტი საერთაშორისო შეთანხმებისა თუ ხელშეკრულების პროექტი, არაერთ საკანონმდებლო აქტზე მომზადდა დასკვნა და რეკომენდაციები. საქართველომ უმასპინძლა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გაერთიანების (CEEDPA) მე-19 სხდომას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით 2017 წლის განმავლობაში ჩატარდა არაერთი ღონისძიება და კამპანია, რომლებზე წვდომამ ჯამში 600 000-ს გადააჭარბა. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით შემუშავდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია და დაიწყო მუშაობა ახალ ვებგვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისთვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ანგარიშს წელიწადში ერთხელ წარუდგენს.