პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მედიას რეკომენდაციით მიმართავს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მედიას რეკომენდაციით მიმართავს

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გაშუქების სტანდარტს მედია მუდმივ რეჟიმში აუმჯობესებს, – ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ გავრცელებულ  მიმართვაშია ნათქვამი.

მედიისადმი სარეკომენდაციო ხასიათის მიმართვაში აღნიშნულია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ბოლო შემთხვევაში, მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა, ჟურნალისტთა დიდმა ნაწილმა თავი შეიკავა კონკრეტული პირის ვინაობის დასახელებისგან, სანამ მან თავად არ გააკეთა საჯარო განცხადება,

„პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ბოლო რამდენიმე წელია ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთ მწვავე პრობლემად იქცა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ხელყოფს ადამიანის ღირსებას, ლახავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და ზიანს აყენებს არა მხოლოდ უშუალოდ მსხვერპლს, არამედ მისი ოჯახის წევრების ინტერესებს.

ქართულმა საზოგადოებამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას არაერთხელ ძალიან მკაფიო პასუხი გასცა, ამ საკითხების გაშუქების სტანდარტს მუდმივ რეჟიმში აუმჯობესებს მედიაც.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ბოლო შემთხვევაში არც ერთ პასუხისმგებლიან მედიასაშუალებას არ განუთავსებია ვიდეომასალა, ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა, მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა, თავი შეიკავა კონკრეტული პირის ვინაობის დასახელებისგანაც, სანამ მან თავად არ გააკეთა საჯარო განცხადება.

თუმცა ეს საკითხი შესაძლოა, კიდევ დიდხანს იყოს აქტუალური და შესაბამისად, მედიასაშუალებებსაც არაერთხელ მოუწიოთ კონკრეტული პირის სახელისა და გვარის ხსენება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების კონტექსტში. საკითხის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესი სრულებით ლეგიტიმურია, თუმცა, მნიშვნელოვანია მსხვერპლის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება. ამავე დროს, საჯაროობის შიში მსგავსი დანაშაულის სხვა მსხვერპლთათვის არ უნდა იქცეს ბარიერად, ღიად ისაუბრონ დანაშაულზე და მიმართონ სამართლებრივ მექანიზმებს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოგმართავთ რეკომენდაციით, რომ პირადი ცხოვრების ხელყოფის საკითხის გაშუქებისას, შეძლებისდაგვარად ნაკლებად მოხდეს მსხვერპლის სახელისა და გვარის იდენტიფიცირება, უპირატესობა მიენიჭოს ისეთი განზოგადებული ტერმინების გამოყენებას, როგორიცაა, მაგალითად, საჯარო პირი, პოლიტიკოსი, მოქალაქე და სხვა.

აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს მიმართვა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. ინსპექტორის აპარატისა და მედიის თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილების ფონზე იმედი გვაქვს, რომ ჩვენი რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება და ერთად კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის სტანდარტის ამაღლებისკენ“,-ნატქვამია მიმართვაში.