ბათუმში, ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესაძლო გავრცელებაზე გამოძიება დაიწყო
ბათუმში, ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესაძლო გავრცელებაზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ ბათუმში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში შესაძლო ატვირთვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება  ვიდეოკადრებს, რომელიც მოსწავლეთა დახურულ ჯგუფში გავრცელდა, თუმცა იგი ხელმისაწვდომი გახდა სხვებისთვისაც.

შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ კერძო სკოლაში მოხდა. სკოლის დირექციამ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს ქალაქის რესურსცენტრს მიაწოდა.

სკოლაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, დირექტორი პირად საუბრებში ამბობს, რომ ვიდეო, რომელზეც მეათეკლასელი გოგონასა და ბიჭის ურთიერთობაა ასახული, დახურულ ჯგუფში თავად გოგონამ გაავრცელა.

ბათუმის რესურსცენტრის უფროსის, გოჩა დავითაძის განცხადებით, ფაქტის შესახებ სოციალურ სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თავად აცნობეს. მისი თქმით, ამ დროისთვის მშობლებმა გოგონასა და ვაჟის სხვა სკოლებში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

„შემთხვევა არ მომხდარა სკოლის ტერიტორიაზე, მე არ მინახავს ვიდეო, თუმცა როგორც მითხრეს, ვიდეო ერთ-ერთ მშენებარე კორპუსშია გადაღებული და იგი თავად გოგონამ გაავრცელა დახურულ ჯგუფში. ამ ეტაპზე მე არც ის შემიძლია ვთქვა, იყო თუ არა ვიდეო ინტიმური ხასიათის”,-განაცხადა გოჩა დავითაძემ.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება მიმდინარეობს არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ სივრცეში შესაძლო ატვირთვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით და 157-ე მუხლის პირველი ნაწილით. შსს საზოგადეობას შეახსენებს, რომ  მოქმედი კანონმდებლობით, სისხლის სამართლის წესით ისჯება როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ სივრცეში ატვირთვა, ისე მისი შენახვა და ნებისმიერი ფორმით გავრცელება.