პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებულს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა
პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებულს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა

პირადი ცხოვრების კადრების იუთუბზე გავრცელების ბრალდებით დაკავებულ მირიან მჟავანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. მჟავანაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გირაოს თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.

მისი ადვოკატის, ლევან დავითაიას განცხადებით, მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა, რადგან გირაოს თანხა ბრალდებულის მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან მაღალია.

ადვოკატი 1000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

ლევან დავითაიას განცხადებით, მჟავანაძე ბრალს აღიარებს. მისი თქმით, ბრალდებულმა ვიდეო იუთუბზე საკუთარი არხის პოპულარიზაციის მიზნით განათავსა და სხვა მიზანი მის ქმედებას არ ჰქონია.

„ეს ვიდეო მირიან მჟავანაძემ მიიღო სოციალურ ქსელში კონკრეტული პროფილიდან, რომელიც გამოძიებისთვის ცნობილია”, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, ფეისბუქის მომხმარებელი, რომელმაც ვიდეო მჟავანაძეს გაუგზავნა, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებაში სხვა ბრალდებულების საქმეშიც ფიგურირებს.

საქმის პროკურორის, გიორგი მუკბანიანის თქმით, აღნიშნული ფეისბუქმომხმარებლის ირგვლივ საგამოძიებო მოქმედებები კიდევ გრძელდება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურორი მის ვინაობას არ ასახელებს.