პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი - ბანკიდან თანამშრომლებს აზარტულ თამაშებში ჩართულობის მოტივით, ტრანზაქციების მონიტორინგის საფუძველზე ათავისუფლებდნენ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი - ბანკიდან თანამშრომლებს აზარტულ თამაშებში ჩართულობის მოტივით, ტრანზაქციების მონიტორინგის საფუძველზე ათავისუფლებდნენ

ერთ-ერთი კომერციული ბანკიდან თანამშრომლებს აზარტულ თამაშებში ჩართულობის მოტივით, ტრანზაქციების მონიტორინგის საფუძველზე ათავისუფლებდნენ, – ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

თამარ ქალდანის უწყების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბანკში დანერგილი იყო მონაცემთა ავტომატური დამუშავების პროგრამული საშუალება, რომელიც ავლენდა ბანკის თანამშრომლების მიერ აზარტული დაწესებულებების სასარგებლოდ (კაზინო, ტოტალიზატორი და სხვა) როგორც სამუშაო, ისე არასამუშაო დროს განხორციელებულ ტრანზაქციებს. მონაცემების დეტალურად გაცნობის შემდგომ კი, ბანკი იღებდა გადაწყვეტილებას თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მონიტორინგის აუცილებლობას ბანკი ამართლებდა იმით, რომ აზარტული თამაშები დამოკიდებულებას იწვევს.

„შრომითი ხელშეკრულებითა და ბანკის შინაგანაწესით, დასაქმებულს მიეწოდა ზოგადი ინფორმაცია მონიტორინგის თაობაზე, თუმცა მას არ ჰქონია წარმოდგენა მონიტორინგის კონკრეტული ფორმის (ავტომატური პროგრამის მეშვეობით) და მასშტაბის (მონიტორინგის პერიოდი და მონაცემების მოცულობა) შესახებ. ბანკმა ვერ გაითვალისწინა ისიც, რომ პირი შესაძლოა, ერთჯერადად, რამე ფორმით ყოფილიყო დაკავშირებული აზარტული თამაშის მომწყობთან, თუმცა არ ყოფილიყო თამაშებზე დამოკიდებული ან ტრანზაქცია არა უშუალოდ დასაქმებულის, არამედ სხვა პირის ვალდებულების დაფარვას ემსახურებოდა. აღწერილ შემთხვევაში, მონაცემების ამ ფორმით დამუშავება ბანკის მიერ დასახელებული მიზნების მისაღწევად არ იქნა მიჩნეული გამართლებულ და ადეკვატურ საშუალებად“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ინსპექტორის აპარატმა ბანკი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდამრღვევად ცნო.