პერსევერანსის მიერ აღებული ნიმუშები მიუთითებს, რომ მარსზე წყალი საკმაოდ დიდხანს იყო — #1tvმეცნიერება
პერსევერანსის მიერ აღებული ნიმუშები მიუთითებს, რომ მარსზე წყალი საკმაოდ დიდხანს იყო — #1tvმეცნიერება

NASA-ს მარსმავალმა „პერსევერანსმა“ ქანების უკვე ორი ნიმუში აიღო. ნიმუშებს ატყვია იმის ნიშნები, რომ ისინი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო წყალთან კონტაქტში, რაც კიევ უფრო აძლიერებს წითელ პლანეტაზე უძველეს წარსული სიცოცხლის არსებობის შანსებს.

„როგორც ჩანს, პირველივე ნიმუში მიუთითებს სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელ, მდგრადი გარემოზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ წყალი დიდი ხნის განმავლობაში ყოფილა“, — ამბობს პროექტის მეცნიერი კენ ფარლი.

პირველი ნიმუშები მავალმა 6 სექტემბერს აიღო, მეორე კი 8 სექტემბერს.

თითოეული ნიმუშის დიამეტრი ფანქრისაზე ოდნავ განიერია, სიგრძე კი დაახლოებით 6 სმ. ისინი ამჟამად მავალის შიდა ნაწილში, სპეციალურ მილებშია დალუქული.

მავალი დადის ეზეროს კრატერის სახელით ცნობილ რეგიონში, ეკვატორიდან ოდნავ ჩრდილოეთით, რომელშიც 3,5 მილიარდი წლის წინ მოზრდილი ტბა იდგა. იმ დროს მარსის გარემო გაცილებით თბილი და წყლიანი იყო.

ქვა, რომლიდანაც პირველი ნიმუშები აიღეს, შემადგენლობით ბაზალტური აღმოჩნდა და სავარაუდოდ, ლავის ნაკადების მიერ არის წარმოქმნილი.

ვულკანური ქანები შეიცავს კრისტალურ მინერალებს, რომლებიც ძლიერ გამოსადეგია რადიომეტრულ დათარიღებაში.

ამის საფუძველზე კი, მეცნიერები ზონის გეოლოგიური ისტორიის სურათს ქმნიან, მაგალითად, როდის წარმოიქმნა კრატერი, როდის გაჩნდა და გაუჩინარდა მასში ტბა, როგორ შეიცვალა კლიმატი დროთა განმავლობაში.

„ამ ქანების შესახებ ასევე საინტერესო ის არის, რომ აქვს მიწისქვეშა წყალთან კონტაქტის მდგრადი ურთიერთობის ნიშები“, — ამბობს NASA-ს გეოლოგი კეტი სტაკ მორგნი.

მეცნიერებმა უკვე იცოდნენ, რომ ამ კრატერში ოდესღაც ტბა იდგა, მაგრამ არ შეიძლებოდა იმის გამორიცხვაც, რომ საქმე გვქონდა დროებით, წყალმოვარდნის შედეგად წარმოქმნილ ტბასთან, რომელიც შესაძლოა, სულ რაღაც 50 წელიწადი არსებობდა.

თუმცა, ნიმუშები უკვე მიუთითებს, რომ მიწისქვეშა წყალი გაცილებით დიდხანს არსებობდა.

„თუ ამ ქვებს წყალთან დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ შეხება, მათში შეიძლება ინახებოდეს სიცოცხლისთვის ხელსაყრელი უძველესი გარემოს მინიშნებები“, — ამბობს სტაკ მორგანი.

ქვიდან აღებულ მარილოვან მინერალებში შეიძლება ჩაჭედილი იყოს მარსის უძველესი წყლის ციცქნა ბუშტებიც.

სტაკ მორგანის განცხადებით, მარილები დედამიწაზე დიდებულად ინახავს უძველესი სიცოცხლის ნიშნებს და სრულიად შესაძლებელია, ასე იყოს მარსის ქვების შემთხვევაშიც.

NASA გეგმავს, რომ ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან ერთობლივ მისიაში, „პერსევერანსის“ მიერ აღებულ ნიმუშებს 2030-იან წლებში დედამიწაზე ჩამოიტანს და დეტალურ ლაბორატორიულ ანალიზებს ჩაუტარებს.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.