მარსმავალმა პერსევერანსმა მოზრდილი ლოდი გაბურღა და პირველი ნიმუშები აიღო — #1tvმეცნიერება
მარსმავალმა პერსევერანსმა მოზრდილი ლოდი გაბურღა და პირველი ნიმუშები აიღო — #1tvმეცნიერება

გასული თვის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, NASA-ს მავალმა „პერსევერანსმა“ წითელ პლანეტაზე სრულყოფილი ქვა გაბურღა და სურათიც გადაუღო. შედეგად, დიდი ნაბიჯი გადაიდგა წინ იმ მიზნისკენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ქანების ნიმუშებს დედამიწაზე ჩამოვიტანთ და მათში უძველესი მიკრობული სიცოცხლის ნიშნებს მოვძებნით.

ბურღვითი სამუშაო პერსევერანსმა 1-ელ სექტემბერს ჩაატარა, მას შემდეგ, რაც შეარჩია დიდი, სქელი ქვა, რომელსაც NASA-ს მკვლევრებმა „როჩეტი“ უწოდეს.

ლოდი დევს ქედზე, რომელიც ეზეროს კრატერის ფსკერის მიდამოებს გადაჰყურებს, სადაც მან მარსის ელემენტებს სავარაუდოდ მილიონობით წელიწადს გაუძლო.

პერსევრანსის ჯგუფი კი სწორედ ასეთ მედეგობას ეძებს; რამდენიმე კვირის წინ, მავალის მიერ გაბურღვით ნიმუშების აღების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რადგან ქვის ნიმუში ზედმეტად მყიფე აღმოჩნდა და გაიფანტა.

თუმცა, როჩეტის გაბურღვის ოპერაციის ახალი ფოტოები აჩვენებს, რომ ამჯერად ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

„მავალის შემგროვებელ მილში კარგად ხედავთ აღებული ქანის ნიმუშს“, — ამბობს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გეოქიმიის პროფესორი, პერსევერანსის პროექტის მეცნიერი კენეთ ფარლი.

დაახლოებით ფანქრის სისქის ნიმუშს პერსევერანსი მთელი მისიის განმავლობაში შეინახავს; მისიის ფარგლებში კი შეისწავლის ეზეროს კრატერში ერთ დროს არსებული და ამჟამად დამშრალი ტბის ფსკერს.

თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს, ალბათ ათი წლის შემდეგ, ყველა შეგროვებულ ნიმუშს პერსევერანსი მარსის მიწაზე დააწყობს, საიდანაც მათ ახალი (ჯერ შეუქმნელი) მავალი აიღებს და პატარა რაკეტაში ჩააწყობს.

მარსი,პერსევერანსი

ამის შემდეგ, ეს რაკეტა ნიმუშებს დედამიწაზე ჩამოიტანს, სადაც მეცნიერები მათ ისეთ დეტალებში შეისწავლიან, რასაც თავად პერსევერანსი ვერასოდეს შეძლებდა.

ეს მისია სავარაუდოდ 2030-იან წლებამდე არ შედგება. ამასობაში კი პერსევერანსი ეზეროს კრატერში ხეტიალს და კვლევებს განაგრძობს.

მომზადებულია mars.nasa.gov-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი