პენტაგონი სირიაში ფოსფორის ბომბების გამოყენების შესახებ რუსეთის ბრალდებას უარყოფს
პენტაგონში აცხადებენ, რომ სირიაში ფოსფორის ბომბების გამოყენების შესახებ რუსეთის ბრალდება უსაფუძვლოა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, შონ რობერტსონმა განაცხადა, ამჟამად აშშ არ ფლობს სირიაში თეთრი ფოსფორის გამოყენების შესახებ რაიმე ცნობებს.
პენტაგონის წარმომადგენელის თქმით, დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში არცერთ შეიარაღებულ ფორმირებას არ გააჩნია ფოსფორის შეიარაღება.
რუსული მხარის მტკიცებით, 8 სექტემბერს F-15-ის ტიპის ორმა ამერიკულმა თვითმფრინავმა სირიის დეირ-ეზ-ზორის პროვინციის ქალაქ ჰაჯინში ფოსფორის ბომბები ჩაყარა. დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
დეირ ეზ-ზორის პროვინციაში ტერიტორიის ზოგიერთ რაიონებს, მათ შორის ქალაქ ჰაჯინს, ე.წ. ისლამური სახელმწიფო აკონტროლებს.
თეთრი ფოსფორის გამოყენება 1949 წლის ჟენევის კონვენციითაა აკრძალული.