პეკა ჰაავისტო - ილია დარჩიაშვილთან განვიხილავთ გადასადგმელ ნაბიჯებს, ველოდებით, როდის შესრულდება ყველა მოთხოვნა, რათა საქართველო მიუახლოვდეს ევროკავშირს
პეკა ჰაავისტო - ილია დარჩიაშვილთან განვიხილავთ გადასადგმელ ნაბიჯებს, ველოდებით, როდის შესრულდება ყველა მოთხოვნა, რათა საქართველო მიუახლოვდეს ევროკავშირს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰაავისტოს განცხადებით, დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობა უკიდურესად მნიშვნელოვანია და კარგია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდებიან.

პეკა ჰაავისტოს თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი უშუალო გავლენას ახდენს მოლდოვაზე, რის გამოც მოლდოვის მიმართ სოლიდარულები უნდა იყვნენ. მისივე განცახდებით, ფინეთი გააგრძელებს უკრაინის როგორც ჰუმანიტარულ, ისე სხვა სახის მხარდჭერას.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა უკიდურესად მნიშვნელოვანია დღეს და ძალიან კარგია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებს ვხვდებით. ჩვენ თვალს ვადევნებთ ძალიან ფაქიზ სიტუაციას, რომელიც შემქნილია მოლდოვაში, ვინაიდან უკრაინაში მიმდინარე ომი უშუალო გავლენას ახდენს მოლდოვაზე. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიყოთ მოლდოვისადმი სოლიდარულები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური პაკეტი, რომლის გამოყოფასაც ვგეგმავთ უკრაინისთვის. ჩვენ უნდა დავასრულოთ შეთანხმება 18 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ და განვაგრძოთ მუშაობა „ევროპის მშვიდობის ფონდის“ ფარგლებში. ფინეთმა უკრაინას უკვე გადასცა სამხედრო დახმარების ათი პაკეტი და ჩვენ გავაგრძელებთ როგორც ჰუმანიტარულ, ისე სხვა სახის მხარდაჭერას“, – განაცხადა პეკა ჰაავისტომ.

ამასთან, როგრც პეკა ჰაავისტომ აღნიშნა, მნიშვნელოვანია თანამშრომლონა აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა წევრებთანაც, როგორიცაა საქართველო. მისივე თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილავენ ნაბიჯებს, რომლებიც გადასადგმელია საქართველოს განვითარებისთვის.

„რაც შეეხება უფრო ფართო რეგიონს, მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა წევრებთანაც, როგორებიცაა საქართველო და სხვები, რათა დავეხმაროთ მათ. პარტნიორობა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებს შორის უფრო უნდა გაღრმავდეს. დღეს ჩვენ ერთ-ერთ საკითხად განვიხილავთ ევროკავშირის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის დამატებითი ფინანსურის დახმარების გამოყოფის საკითხს. ვიმსჯელებთ, რა წარმოადგენს ამ ქვეყნებისთვის მთავარ საჭიროებებს. სწორედ ამიტომ ვხვდებით მინისტრებს ბრიუსელში, რათა გავიგოთ, როგორ შეგვიძლია, დახმარება გავუწიოთ მათ საუკეთესო გზით.

გასულ კვირას ჩვენ – ბალტიისა და ჩრდილოეთის ქვეყნების მინისტრებს, გვქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი კიევში. ცხადია, ასევე განხილული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ელემენტები, უკრაინისა და მოლდოვის მომავალი წევრობა ევროკავშირში, მაგრამ ჩვენ ასევე ვისაუბრეთ მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონზე, იმაზე, როგორ შეიძლება თანამშრომლობის განმტკიცება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან განვიხილავთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც გადასადგმელია საქართველოს შიდა განვითარებისთვის. ველოდებით, როდის შესრულდება ყველა მოთხოვნა, რათა საქართველო მიუახლოვდეს ევროკავშირს“, – განაცხადა პეკა ჰაავისტომ.

ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც მიიღებს მონაწილეობას.