პავლო როზენკო - რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საუკეთესო იარაღი არის ერთიანობა, რომლის დემონსტრირება უნდა მოახდინოს საერთაშორისო თანამეგობრობამ
რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საუკეთესო იარაღი არის ერთიანობა, რომლის დემონსტრირება უნდა მოახდინოს ევროკავშირმა და თავისუფალმა თანამეგობრობამ, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, პავლო როზენკომ განაცხადა.
„უკრაინის სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა დამსწრე პირს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის სრულფასოვანი მხარდაჭერისთვის. ერთიანობაში არის ჩვენი ძალა. არ უნდა გავჩერდეთ, არამედ უნდა გავაგრძელოთ სანქციების პოლიტიკა. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ წინ და ერთად“, – განაცხადა პავლო როზენკომ.
უკრაინის ვიცე-პრემიერი, პავლო როზენკო საქართველოს გუშინ ესტუმრა. ამასთან, თბილისში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი, ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლინას ანტანას ლინკევიჩიუსი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი ჩამოვიდნენ.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“.