უკრაინის ვიცე-პრემიერი - მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი სამხედრო დანაყოფები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიიდან
უკრაინის ვიცე-პრემიერი - მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი სამხედრო დანაყოფები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიიდან

მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი სამხედრო დანაყოფები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიიდან, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა უკრაინის ვიცე-პრემიერმა, პავლო როზენკომ განაცხადა. მან  ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, აგვისტოს ომის 10 წლისთავზე რუსული ოკუპაცია საოკუპაციო ხაზთან გააპროტესტა.

როზენკოს თქმით, რუსეთი არის აგრესორი და მისი მიზანია საქართველოსა და უკრაინის სრული ექსპანსია.

„ათი წლის წინ, საქართველოში უკრაინის პრეზიდენტი იყო ჩამოსული, მან მძიმე დღეებში საქართველოს სოლიდარობა გამოუცხადა. მინდა, პატივი მივაგო გმირებს, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. სრული პასუხისმგებლობა ყველაფერზე ეკისრება რუსეთის ფედერაციას. რუსეთი არის აგრესორი, მისი მიზანია სრული ექსპანსია, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის.

მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი სამხედრო დანაყოფები საქართველოას და უკრაინის ტერიტორიიდან. რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა იმ ჰუმანიტარული კატასტროფაზე, რომელიც შეიქმნა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო ბორდერიზაცია.

მხარს ვუჭერთ საქართველოს ინიციატივას – ნაბიჯი მომავლისკენ. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ჰქონდეს ურთიერთობა ოკუპირებულ ხაზს იქით მცხოვრებ მოსახლეობასთან. რუსეთი კი ცდილობს, ხელი შეუშალოს ამ ურთიერთობას.

საქართველოს და უკრაინის ინტეგრაცია და სრული წევრობა ევროკავშირსა და ნატო-ში ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების განვითარებას და დაიცავს ჩვენს ქვეყნებს რუსეთის აგრესიისგან.

რუსეთი იყენებს ჰიბრიდულ ომს, ეს არის ჩარევა ყველანაირ საარჩევნო პროცესში. ჩვენი ძალა არის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციაში“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა, პავლო როზენკომ.

უკრაინის ვიცე-პრემიერი, პავლო როზენკო საქართველოს გუშინ ესტუმრა. ამასთან, თბილისში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩილიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლინას ანტანას ლინკევიჩიუსი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი ჩამოვიდნენ.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“.

დატოვე კომენტარი