უკრაინის ვიცე-პრემიერი - თქვენ არასდროს იქნებით მარტო, დღესაც საქართველოს გვერდით ვდგავართ
უკრაინის ვიცე-პრემიერი - თქვენ არასდროს იქნებით მარტო, დღესაც საქართველოს გვერდით ვდგავართ

თქვენ არასდროს იქნებით მარტო, ჩვენ დღესაც საქართველოს გვერდით ვდგავართ, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, პავლო როზენკომ განაცხადა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“.

„თითქმის 10 წლის წინ, საქართველოში ჩამოვიდნენ ხუთი ქვეყნის ლიდერები იმ საშინელი ომის დროს. მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშენკომ განაცხადა, ჩვენ ათასობით კილომეტრი გავიარეთ იმისათვის, რომ ქართველ ერს გამოვუცხადოთ ჩვენი გულწრფელი თანადგომა, მხარდაჭერა სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თქვენ არასოდეს იქნებით მარტო. იგივეს ვაკეთებთ დღესაც, ჩვენ ვართ თქვენ გვერდით.

არ მავიწყდება პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის სიტყვები – ჩვენ აქ ვართ საბრძოლველად, ჩვენმა მეზობელმა რუსეთმა აჩვენა თავისი სახე, რაც ასობით წელია ვიცით. ამ მეზობელს მიაჩნია, რომ ხალხი მას უნდა ემორჩილებოდეს, მაგრამ ჩვენ ვამბობთ – არა! დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები და შემდეგ ჩემი ქვეყნის, პოლონეთის დროც მოვა. სამწუხაროდ, მისი სიტყვები წინასწარმეტყველური გახდა. უკვე ოთხი წელია, უკრაინა იბრძვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ამიტომ ჩვენ პარტნიორებთან ერთად, ერთობლივ ძალისხმევას არ ვაკლებთ, რომ წინ აღვუდგეთ რუსეთის აგრესიას“, – განაცხადა პავლო როზენკომ.