პატრონის სახლში დაბრუნებისას, ძაღლები სიხარულისგან ტირიან — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
პატრონის სახლში დაბრუნებისას, ძაღლები სიხარულისგან ტირიან — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ სიხარულისა თუ მწუხარების ცრემლები მხოლოდ ადამიანებს ახასიათებთ. ემოციური ცრემლები არც ერთ სხვა ცხოველში ცნობილი არ არის.

თუმცა, ადამიანის საუკეთესო მეგობარზე ჩატარებული ექსპერიმენტების უწყვეტი სერიების შედეგად, იაპონელმა მკვლევრებმა ეს მოსაზრება ეჭვქვეშ დააყენეს. მათი მტკიცებით, გრძნობებით სავსე თვალები ძაღლებსაც აქვთ.

დადგინდა, რომ ერთდღიანი განშორების შემდეგ პატრონთან შეხვედრისას ძაღლებს სიხარულის ცრემლები მოსდით.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ პატრონთან მიგებებისას, 18 ძაღლში ცრემლის მოცულობა 10 პროცენტით იზრდებოდა (ჩვეულებრივ სისველესთან შედარებით).

მაგრამ ასე არ ხდებოდა, როდესაც ისინი მათთვის ცნობილ არამფლობელებს ხვდებოდნენ.

ცრემლები შემდეგნაირად გაზომეს: ძაღლის თვალში 60 წამის განმავლობაში ათავსებდნენ შემწოვი ქაღალდის ფენას და აღრიცხავდნენ, რამდენად შორს წავიდოდა სისველე.

ადამიანებში ცრემლების დიდი ოდენობა დამოკიდებულია ემოციების უფრო დიდ მოზვავებასთან; ამ ახალი კვლევის მიხედვით, დადებითი ემოციები ძაღლებშიც იწვევს ჭარბ ცრემლიანობას.

კიდევ ერთ ექსპერიმენტში, როდესაც მეცნიერებმა 22 ძაღლს თვალებში ჩააწვეთეს ხსნარი, რომელიც „სიყვარულის ჰორმონ“ ოქსიტოცინს შეიცავდა, ასევე უფრო მეტი ცრემლი წარმოიქმნა.

მკვლევართა დასკვნით, ძაღლებში ჭარბი ცრემლების წარმოქმნას შეიძლება სწორედ ოქსიტოცინის მომატება იწვევდეს.

„არასოდეს გვსმენია აღმოჩენის შესახებ, რომელიც იტყოდა, რომ მხიარულ სიტუაციაში, მაგალითად, პატრონთან შეხვედრისას, ძაღლები ცრემლებს ღვრიან. მოხარულები ვართ, რომ ასეთი რამ პირველად ჩვენ აღმოვაჩინეთ“, — ამბობს იაპონიის აზაბუს უნივერსიტეტის მკვლევარი ტაკეფუმი კიკუსი.

ჩვენს ოთხფეხა მეგობრებში სიხარულის ცრემლების აღმოჩენა ნამდვილად რევოლუციური მიგნებაა. თუმცა, ექსპერიმენტის მეთოდოლოგიაში სხვა მეცნიერები დარწმუნებული არ არიან.

ადამიანები ერთადერთი არსებები არიან, რომლებისთვისაც ტირილი ემოციური რეფლექსია, მაგრამ ცნობილია, რომ სხვა ცხოველები თვალებში ტენს ჭუჭყის ამოსაღებად ან მხედველობის გასუფთავებისთვის იყენებენ. არ არის გამორიცხული, რომ თვალებში ოქსიტოცინის დამატებამ ცრემლები გაღიზიანების გამო წარმოქმნა და არა სიხარულისგან.

კიკუსი ასე არ მიიჩნევს, რადგან მის მიერ ექსპერიმენტებში გამოყენებული საკონტროლო ნივთიერება ძაღლებს შორის მეტი ცრემლის წარმოქმნას არ იწვევს.

თუმცა აშკარაა, რომ თვალის გამწმენდ ცრემლსა და ემოციურ ცრემლს შორის სხვაობის გაზომვა ადვილი არ არის. ამ დებატების გადასაწყვეტად ერთი კვლევა საკმარისი არაა.

უფრო მეტი კვლევაა საჭირო, რათა დადგინდეს, ძაღლები ცრემლებს რეფლექსურად, ემოციების გამოსახატად ღვრიან თუ სხვა მიზნით.

„ძაღლები ადამიანების პარტნიორები გახდნენ და ჩვენ ერთმანეთთან კავშირის დამყარება შეგვიძლია. შესაძლებელია, რომ ამ პროცესში, ძაღლები, რომლებიც პატრონს ურთიერთობისას ცრემლიან თვალებს აჩვენებენ, მეტი მზრუნველობა მიიღონ“, — ამბობს კიკუსი.

ათასობით წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ჩვენი უახლოესი ოთხფეხა მეგობრების შესახებ დღემდე ბევრი რამ არ ვიცით.

კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.