„პატრიოტთა ალიანსი“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობას მიიღებს
„პატრიოტთა ალიანსი“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობას მიიღებს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში მონაწილეობას მიიღებენ.

„ჯობდა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, მაგრამ შემოთავაზებული ცვლილება 120/30-ზე ჩამკეტი მექანიზმით ამ ეტაპზე იძლევა იმის საშუალებას, რომ გაიზარდოს სიითი, პროპორციული ნაწილი და მას მეტი ჟანგბადი მიეცეს. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამ პროცესში განხილვის დროსაც კონკრეტულ ცვლილებებს შეიტანს. ეს დისკუსიის საგანია. საბოლოო ჯამში დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს მივიღებთ ამ კანონპროექტს და არ მოხდება რაიმე ტიპის იმპროვიზაციები, რაც ახასიათებს ხოლმე „ქართულ ოცნებას“.

„პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირება უკვე შეწყვიტა. ჩვენ პარლამენტს დავუბრუნდით, რადგან რის გამოც ბოიკოტის რეჟიმზე გადავედით უკავშირდებოდა საარჩევნო სიატემის ცვლილებას. ეს ცვლილება უმრავლესობამ განახორციელა. ჩვენ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ. ახლა უკვე საყოველთაო განხილვის პროცესშიც მივიღებთ მონაწილეობას, საპარლამენტო დებატებშიც, პლენარულ სხდომებშიც, დისტანციური იქნება, თუ არადისტანციური“ ,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, რაზეც ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ, ინაშვილი ამბობს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან  ე.წ. პოლიტპატიმრების ნაწილზე არავისთვის არანაირი პირობა არ ყოფილა წაყენებული.

„მეტსაც გეტყვით, კონტექსტი და ბმა საერთოდ არ ყოფილა ამ ორ თემას შორის. ჩემთვის უგულავაც არ არის პოლიტპატიმარი“, – დასძინა ინაშვილმა.

კითხვაზე, აღნიშნულ საკითხში ხედავთ თუ არა გარიგებას, ირმა ინაშვილმა ასე უპასუხა:

„გარიგებას და გარიგების ნიშნებს ვხედავთ. ამ გარიგების შინაარსში ვგულისხმობ იმას, რომ კვლავ უნდათ „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ორი ჯგუფის შეყვანა პარლამენტში 2020 წლისთვის იმ მოცულობით და იმ რაოდენობით, რაც მათ რეალურად არ აქვთ. ვინც „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, უნდა ესმოდეს, რომ მომავალში მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ჯგუფის შესაძლო კოალიციურ, შერეულ მთავრობას“ ,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილის განმარტებით, კანონპროქტის მხარდაჭერის კუთხით, შემაფერხებელი ფაქტორი მისთვის შესაძლოა, ჩამკეტი მექანიზმის საკითხი იყოს.

„პროცესს უნდა დავაკვირდეთ. ეს პროცესი პასუხს ბევრ რამეს გასცემს. შემაფერხებელი ფაქტორი ჩემთვის იქნება ჩამკეტ მექანიზმზე საუბარი. ვნახოთ, როგორ ითვლება ჩამკეტი მექანიზმის ფორმულა. სხვა დანარჩენ ნაწილში, საარჩევნო სისტემის ნაწილს ვგულისხმობ, ჩვენთვის შემაფერხებელი გარემოება ამ ეტაპზე არ არის. პროპორციული სიითი არჩევნების ნაწილში დათვლა უნდა მიხდეს 120-დან და არა 150-დან. ეს რთული დეტალებია, მაგრამ ამაში ხაფანგებია ჩადებული და ეს ხაფანგები უნდა მოვხსნათ“ ,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

კონსტიტუციურ პროექტში აღნიშნულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით და პარლამენტში აირჩევა – 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

ცვლილებების გათვალისწინებით, პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთ პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით, ხოლო გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე.

ასევე დოკუმენტში საუბარია ე.წ. 40-პროცენტიან ჩამკეტ მექანიზმზე. ამასთან, კანონპროექტი ადგენს 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებს ამჟამად მოქმედი ადმინისტრაციული საზღვრების გათვალისწინებით.

აღნიშნულის გარდა, პროექტში მითითებულია, რომ 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა.