პასკალ სან-ამანსი - საგადასახადო სისტემა უნდა იყოს სამართლიანი და დაბეგვრა მოხდეს იქ, სადაც ბიზნესი კეთდება
სამართლიანი საგადასახადო სისტემის შექმნაში საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია, – ამის შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა, პასკალ სან-ამანსიმ განაცხადა, რომელიც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო საგადასახადო ფორუმს ესწრება.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა საერთაშორისო საგადასახადო დღის წესრიგთანაა დაკავშირებული.
„განსაკუთრებით დიდი ოცეულის სახელმწიფოს ლიდერები, ფინანსთა მინისტრები აქტიურად მუშაობენ, რომ გადასახადების გადახდა მოხდეს იქ, სადაც ბიზნესი კეთდება და სადაც სიმდიდრე იქმნება. შესაბამისად, ამ შეხვედრის და ამ წესების მიზანი, რასაც OECD ქმნის და, რისი ნაწილი საქართველოც არის არის, ისაა, რომ საგადასახადო სისტემა იყოს სამართლიანი და დაბეგვრა იქ მოხდეს, სადაც ბიზნესი კეთდება“, – განაცხადა პასკალ სან-ამანსიმ.
გარდა ამისა, მან რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნებს შორის დისკუსიების გამართვას, რაც კონკრეტული შედეგის წინაპირობაა.
„დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება ამ მიმართულებით, რათა რეგიონის ქვეყნების პოლიტიკური წარმომადგენლები – პარლამენტარები, მინისტრები და ა.შ. ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში, შეუერთდნენ ინიციატივას და დაბეგვრის სისტემა უფრო სამართლიანი გახდეს, ვიდრე აქამდე არსებობდა“, – აღნიშნა მან.
საქართველო საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ შეხვედრას მასპინძლობს.